მაკრონი ივანიშვილს ელაპარაკა, რომელსაც ყური აუწია და არა მაგალითად, ე.წ. პრემიერ-მინისტრს, რომელსაც არავინ არ აღიარებს. ეს არის ფაქტი, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაკრონმა საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული სატელეფონო ზარით აღიარა არის იმის მტკიცებულება, რომ „დეზინფორმაციის მანქანა ყველაფერს უკუღმა აღიქვამს“.
„მაკრონმა ივანიშვილს ყური აუწია. ამით მაკრონმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის რეჟიმი და არცერთ ფორმალურ თანამდებობას არანაირი ძალა არ აქვს. მაკრონის ივანიშვილს ელაპარაკა, რომელსაც ყური აუწია და არა მაგალითად, ე.წ. პრემიერ-მინისტრს, რომელსაც არავინ არ აღიარებს. ეს არის ფაქტი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, მხარეებს შორის დიალოგი შემდეგ თემებზე შეიძლება შედგეს. კერძოდ, „ახალი არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება და საქართველოს კურსის შემოტრიალება ევროპული განვითარების მიმართულებით“.
„ვფიქრობ, რომ ეს პოზიციები საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ჩანს. მადლობა მას ამ უმძიმეს კრიზისში ჩართულობისთვის, რომელიც დღეს საქართველოში არის და რომელსაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი – მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და ბოროტება“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.
ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.