საფრანგეთის პრეზიდენტის ჩართულობა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს გზა საფრანგეთისკენ აქვს. მივმართავ მას, სანამ დროა, წადი საფრანგეთში! რაც უფრო ღრმად შეტოპავ, მით უფრო გესპობა სხვა ალტერნატივა, გარდა რუსეთისა! – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხანგრძლივ მშვიდობიან პროტესტს აქვს შედეგები და დღეს გაცილებით სუსტია „ქართული ოცნება“, გაცილებით მეტი რყევაა შიგნით.
„სრულიად ახალი პრეცედენტია თვითონ ევროკავშირისთვისაც, როცა კონკრეტული სახელმწიფოები გამოსცემენ სანქციებს. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით აქამდე ბრიუსელს ჰქონდა ექსკლუზივი. სწორედ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის პროტესტმა უზრუნველყო ის, რომ ამ დონის მხარდაჭერაა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ესტონეთისთვის, ლიეტუვისთვის ასეთი მარტივი არ არის – მათ ფაქტობრივად ახალი პრეცედენტი შექმნეს და დაასანქცირეს კონკრეტული ადამიანები, დაასანქცირეს პრემიერ – მინისტრად წოდებული პირი. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ არ აღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. სანქცირებული კობახიძისა და ამ რეჟიმის პირობებში, ამ ხელისუფლებას არ ექნება აღიარება, ეს ცალსახაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი სწრაფი გამოხმაურებები ყაველაშვილის ფაქტორთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მასაც არავინ აღიარებს და ამას ღიად წერენ. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი და თუ ვინმე კითხვას სვამს, რა შედეგებზე გავდივარ, სწორედ ეს არის შედეგები. ამ ხანგრძლივ მშვიდობიან პროტესტს აქვს ეს შედეგები. ახლა ველოდები, ყაველაშვილს ნიკარაგუამ, ვენესუელამ მიულოცოს. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ ულოცავენ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. სირია ვეღარ მიულოცავს, იმიტომ, რომ ასადი აღარაა სირიაში. კი აირჩიეს ე.წ პრეზიდენტი, მაგრამ რა ფუნქციით და რა შინაარსით, უკვე ძალიან წარმოუდგენელია. მას ფაქტობრივად, კონტაქტი და კომუნიკაციაც ვერ ექნება ვერავისთან. ამიტომაც შეირჩა ყაველაშვილი, რომ არც მას ჰქონდეს დიდი ინტერესი ვინმესთან კონტაქტი დაამყაროს. ყაველაშვილი ხომ არაა იმისთვის, რომ აქტიურად იმუშაოს, იმისთვისაა შერჩეული, რომ არაფერი აკეთოს. უბრალოდ ერქვას რაღაც, იჯდეს თავისთვის და ფეხბურთს უყუროს საღამოობით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, სანამ საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი არის სალომე ზურაბიშვილი.
„არცერთ სხვა ინსტიტუციას არ აქვს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, მათ რომ ჰქონოდათ ამ ღონისძიების ჩატარების რაიმე შესაძლებლობა, ყველას გვესმის, რომ ჩაატარებდნენ. ისინი არასდროს უკან არ იხევენ მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე. სპეკულაციაა, რომ პროვოკაციის თავიდან ასარიდებლადო… ბავშვი ვერ ვნახეთ მოსული, შავფორმიანი ულაყები თუ ჯიბგირები ჰყავდათ მოყვანილი. ჩვენ ვნახეთ, რომ კალაძემ, კობახიძემ და პაპუაშვილმა ვერ შეძლეს რუსთაველზე მოსვლა. იმიტომ, რომ მათთან ხალხი არ მივიდა. რეალურად 300 კაცი მივიდა. ბავშვიც საერთოდ არ იყო. ამ დღემ გამოაჩინა, რომ გაცილებით სუსტია „ქართული ოცნება“, ვიდრე წარმოგვიდგენია, გაცილებით მეტი რყევაა შიგნით. ადამიანები, რომლებსაც ურეკავდნენ, არ მივიდნენ. სწორედ ამ სახალხო პროტესტმა ბევრს აუხილა თვალი. ასევე, საპოლიციო ძალებში არის სერიოზული რყევა. უტყუარია ეს ინფორმაცია. ის, რომ მათ თუნდაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისთვის ვერ გაბედეს ხალხის დარბევა, ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზანი არის პოლიცია წამსვლელი იყო თუ არა მასობრივ დარბევაზე. ეს ხომ დარბევის გარეშე ვერ მოხდებოდა?! წინა შემთხვევებში მათ უკან არ დაიხიეს, დაარბიეს ადამიანები, აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებს თავ-პირი დაამტვრიეს. ახლა ეს ვერ გაბედეს, იმიტომ, რომ რყევაა შიგნით პოლიციაში. გაცილებით სერიოზული შედეგები გვაქვს, ვიდრე წარმოგვედგინა, სერიოზული რღვევაა ივანიშვილის რეჟიმის შიგნით. დღეს ქუჩაში ვინც გამოდის, დიდი ნაწილი არის მოსახლეობის საშუალო ფენა. სხვა გამოსავალი, გარდა იმის, რომ ივანიშვილი საერთოდ გავიდეს ქვეყნიდან არ არსებობს. ვფიქრობ, მას შეუძლია საფრანგეთში გადავიდეს და გაეშვას ამ სიტუაციას. რაც უფრო ღრმად შეტოპავს, მით უფრო დაუახლოვდება მისი მომავალი რუსეთს. საფრანგეთის პრეზიდენტის ჩართულობა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მას გზა საფრანგეთისკენ აქვს. სანამ დროა, წადი, საფრანგეთში! ივანიშვილს მივმართავ, ახლა შენ შეგიძლია დაიხურო ქუდი და გადახვიდე საფრანგეთში! რაც უფრო ღრმად შეტოპავ, მით უფრო გესპობა სხვა ალტერნატივა ,გარდა რუსეთისა. რუსეთში კი ბატონო იანუკოვიჩიცაა, ასადიც ჩავიდა და მის გვერდით შეგიძლია შენც დაბინავდე! თქვენი გადასაწყვეტია, ახლა სანამ დრო გაქვთ, საფრანგეთში უსაფრთხოდ ცხოვრება, თუ ღრმად შეხვალთ ამ პროცესში და წახვალთ რუსეთში. ეს მისი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება „ხალხის ძალას“ და მის განაცხადს ოპოზიციაში გადასვლაზე, „ხელისუფლობანას“ თამაშობენ. არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის ყველაზე დამახასიათებელია მსგავსი აბსურდული მარაზმი, რასაც მათი მხრიდან აქვს ადგილი. ასე რომ, ნამდვილი „ქართული ოცნება“ ვფიქრობ, რომ არის გურამ მაჭარაშვილი. გურამ მაჭარაშვილი არის „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი იდეოლოგი. გურამ მაჭარაშვილსა და მიხეილ ყაველაშვილს ებარებოდეს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.