სხვადასხვა თანამდებობის პირების მარიონეტული გადაადგილებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ერთად უნდა დადგნენ ახალი არჩევნების მოთხოვნის წინაშე.
ამასთან, ვაშაძის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები.
„ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ამ უმძიმეს ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და თვითმარქვია, თვითგამოცხადებულ “ქართულ ოცნებას”. მე მინდა პირადად ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებითა, სანამ აქვს შანსი, რომ ხალხის რისხვა თავს არ დაატყდეს არის, რომ: 1. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობით და სრულიად ახალი ადმინისტრაციით; 2. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი ორგანოების პირობებში. ანუ, სუს-მა და პოლიციამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები ამ ქვეყანაში. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც შეიძლება, ამ სიტუაციის დეესკალაცია მოახდინოს.
სხვადასხვა თანამდებობის პირების მარიონეტული გადაადგილებები, რაც გჩვევიათ – გვახსოვს კობახიძე როგორ მოხსენით ერთ წამში პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, შემდეგ უკან დააბრუნეთ და ახლა პრემიერად დაასვით ამ ქვეყანას, ან მაგალითად, ღარიბაშვილი ორჯერ მოხსენით და დააბრუნეთ, ასეთი გადაადგილებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოვუწოდებ საზოგადოებას, მკაფიოდ ერთად დავდგეთ ამ მოთხოვნის წინაშე, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები იმისთვის, რომ იმ სისტემის სრული დემონტაჟი მოხდეს, რომელიც მიერეკება საქართველოს რუსეთისკენ. ამასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემები. ეს არის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც შსს-მ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ვაშაძემ.