გიორგი ვაშაძე – ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ ზემოდან უმატებს კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას – უმძიმესი ვითარებაა

უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას.
მისი თქმით, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქვეყანაში აღარ არის კანონი და კონსტიტუცია.
„არ არსებობს დღეს, სამწუხაროდ, არც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა თვითონ გამდიდრდეს, ხალხი უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან, არის ერთიანობა. ერთიანობით 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რომელიც ახლა ხდება ქვეყანაში, ყველა ეს ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია, საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით და ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება,” – განაცხადა ვაშაძემ.