თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისვე შეფასებით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა, „არამხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც”.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას.
ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა, არამხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც.
დღეს, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად გააყალბოს ისტორია, წაართვას ხალხს მომავალი და საქართველოს მტრად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები გამოიყვანოს, მაშინ, როცა ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი.
ისტორია მეორდება – იგივე მეთოდები, იგივე მიზნები, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება, მაგრამ დღეს საქართველოს აქვს ის, რაც წინათ არ ჰქონდა – დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი მთელი თაობები, რომლებმაც თავისუფლება და ევროპული ღირებულებები მიიღეს, როგორც ბუნებრივი, გარდაუვალი და მზად არიან, ბოლომდე იგი დაიცვან.
ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალა არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.
საქართველო არ დარჩება მარტო, დაუცველი; საქართველო არ მოხვდება იზოლაციაში;
საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზას და იქნება თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი ქვეყანა ძლიერ მეგობრებთან ერთად!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორია, სიმართლე და ქართველი ხალხის ნება იყოს თავისუფალი.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
