გიორგი ვაშაძე – დაღლილობას ვერ ვგრძნობ, იმდენად სასიამოვნო საუბრები იყო მთელი ღამის მანძილზე – ზოგი ამბობს, მეორე ღამეც ხომ არ დავრჩეთო, მაგრამ მოდით, რაც ვთქვით, ის გავაკეთოთ: 20:00 საათამდე ვართ აქ – გელოდებით, ვინც ეკრანებიდან გვიყურებთ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვები გაშალეს და ღამე გაათენეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 20:00 საათამდე დარჩებიან.
თუ როგორია შემდეგი სამოქმედო გეგმა, აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის ლიდერებს არ უსაუბრიათ. ვაშაძემ საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ასე მხნედ, ენერგიით, ძალიან დიდი პოზიტიური განწყობით ვიყავით მთელი ღამე აქ. ბევრს ეგონა, რომ აქ ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ ვიყავით. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ, ვინც აქ ხართ, ჩემი აზრით, თქვენ ძალიან დიდი გმირობა ჩაიდინეთ. დიდი მადლობა, რომ ეს გამძლეობა ვაჩვენეთ, ჩვენ პროტესტის ახალ ფორმაზე გადავედით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გოგონებს და ბიჭებს ვუთხრა, რომლებიც კარავში არიან და ისევ ყავას, ჩაის, საკვებს აწვდიან ადამიანებს, რომლებიც დილით მოვიდნენ.
გელოდებით ყველას, ვინც ახლა ტელევიზორებიდან გვიყურებთ, გელოდებით, მობრძანდით აქ, 24 საათი გრძელდება ეს პროტესტი, საღამოს 8 საათამდე ვართ აქ, ასე წყნარად, მშვიდობიანად, პოზიტიური განწყობით ვართ, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენკენაა, ჩვენ გვინდა ძლიერი, დემოკრატიული, ევროკავშირის წევრი საქართველო და რაც მთავარია, საქართველო ივანიშვილის და ამ უბედურების გარეშე. სიმართლე გითხრათ, დაღლილობას ვერ ვგრძნობ, იმდენად სასიამოვნო საუბრები იყო მთელი ღამის მანძილზე. ზოგი ამბობს, მეორე ღამეც ხომ არ დავრჩეთო, მაგრამ მოდი, დღეს, რაც ვთქვით, ის გავაკეთოთ, დღეს, 20:00 საათამდე ვართ აქ. გელოდებით მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვადევნებთ თვალს“, – განაცხადა ვაშაძემ.