გიორგი ვაშაძე განათლების მინისტრს – რატომ არ შეიძლება, რომ ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ და პედაგოგების ხელფასი 500 ლარით იანვრიდანვე გაიზარდოს

რატომ არ შეიძლება, რომ ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ და ხელფასი 500 ლარით იანვრიდანვე გაიზარდოს, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა მ განაცხადა, როდესაც პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართა.
“მაინტერესებს, რატომ მოატყუეთ პედაგოგები, თქვენ თუ საქართველოს მთავრობამ. 3 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ 2,5 მლრდ-ით იზრდება განათლების ბიუჯეტი და 2024 წლიდან 500 ლარით გაიზრდება საბაზისო ხელფასი. 2024 წელი იწყება 1 იანვარს, მაგრამ შემდგომ თქვენ გამოხვედით და თქვით, რომ გაიზრდება სექტემბრიდან, შემდეგ ამბავი ატყდა და თქვით, რომ ივნისიდან შეიძლება გაიზარდოს.
ყველაზე ცუდია ის, რომ ყველა პედაგოგი ელოდებოდა, რომ თქვენი წინამორბედის დაპირებიდან გამომდინარე 150 ლარამდე გაიზრდებოდა იანვარში საბაზისო ხელფასი.
ანუ, რა გამოვიდა, რომ მასწავლებლები, რომლებიც ელოდნენ, რომ 125 ლარით მეტს აიღებდნენ ხელფასს, ის დააკელით, შეუჯამეთ და ეუბნებით, რომ ახლა 500 ლარს მოგცემთ წლის ბოლოსკენ, სექტემბრიდან გაგიზრდითო – ეს რა სამართალია? რატომ არ შეიძლება, რომ ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ და ხელფასი 500 ლარით იანვრიდანვე გაიზარდოს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – სკოლის დირექტორები. 500 სერტიფიცირებული კანდიდატია, რომელმაც გაიარა სერტიფიცირება და არ დანიშნეთ სკოლის დირექტორებად. ყველგან წარადგინეთ თითო კანდიდატი და თქვით, რომ კონკურსი არ იყო, არადა 387 სკოლის შემთხვევაში იყო კონკურსი.
როდემდე უნდა გაგრძელდეს მოვალეობის შემსრულებლად პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დატოვება? მაღალკვალიფიციური კადრები მიღმა უნდა იყვნენ? გარეთ არიან ახლა. ინკლუზიურობაზე რომ საუბრობთ, მაგალითად დავით ფერაძეს რატომ არ შეხვდით 6 თვეა, რომელსაც უარი უთხარით 23-ე სკოლის დირექტორად დანიშვნაზე? – იმიტომ, რომ თქვენი სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის მეუღლე დანიშნეს ამ თანამდებობაზე“,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.