ელჩი [რობინ დანიგანი] ძალიან მაღალკვალიფიციურია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ შეხვედრაზე, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე განსახილველი თემები იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობა, წინასაარჩევნო პერიოდი და ის, თუ როგორია საქართველოს პარტნიორების როლი ამ პროცესში.
„ქალბატონი ელჩი ძალიან მაღალკვალიფიციურია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ შეხვედრაზე. ის ძალიან კარგად იცნობს სიტუაციას, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. მიხარია, რომ ასეთი მაღალი რანგის კვალიფიციური დიპლომატი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში და დიდი მადლობა ამისთვის. მესამე, პირდაპირ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებზე და არჩევნებზე ვისაუბრეთ. როგორი უნდა იყოს წინასაარჩევნო გარემო და რა არის ჩვენი პარტნიორების როლი. ჩვენ ხომ ერთ რამეს ვითხოვთ და ამაზე ვთანხმდებით ამერიკასთან, ევროპასთან და ყველასთან – სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო რომ არ იქნება ყველას გვესმის, მაგრამ მეტ-ნაკლებად ნორმალური რომ იყოს იმისთვის, რომ ნების გამოვლინება საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისუფალი ჰქონდეს, ეს არის, სადაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლს ვხედავთ და სადაც ისინი ხედავენ. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. ბევრი ვილაპარაკეთ ეკონომიკურ საკითხებზე, როგორ შეიძლება ამერიკასთან და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს, როგორ შეიძლება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში შემოვიდეს. ბევრი ვილაპარაკეთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. იმაზე გვქონდა საუბარი, რომ დახმარებიდან პარტნიორობამდე გადავიდეთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეს, რომ „საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესი მისი და მთლიანად აშშ-ს მთავარი ინტერესი იქნება”.
„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო. მთავარი დასკვნა, რაც ამ შეხვედრიდან გამოვიტანეთ – აშშ და პირადად ქალბატონი ელჩი რჩებიან და იქნებიან საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები და საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები მთელს მსოფლიოში. ესაა ყველაზე მთავარი, რაც მოვისმინეთ, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესი ქალბატონი ელჩის და მთლიანად აშშ-ს მთავარი ინტერესი იქნება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.