უკვე გვქონდა „ალდეს“ ფრაქციასთან ძალიან კარგი დისკუსია – ისინი იზიარებენ პოზიციას, რომ საქართველოში არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ყველა, ვისაც ბრალი ედება ადამიანების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“, სტრასბურგში განუცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ევროპელი ლიდერების მხრიდან „დიდი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა. ევროსაბჭოში შეკრებილი არიან ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლები და გვინდა, მათ ის სიტუაცია გავაცნოთ, რაც საქართველოში ხდება. გავაცნოთ, რას სჩადის თვითმარქვია რეჟიმი; რომ გვყავს პოლიტპატიმრები; რომ ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, ექიმები ჰყავთ დაპატიმრებულები; რომ პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებები მიმდინარეობს; რომ არჩევნები მოიპარეს და მისი შედეგები მთლიანად გადაწერეს; რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა და რაც მთავარია, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლება. ჩვენ უკვე გვქონდა „ალდეს“ ფრაქციასთან ძალიან კარგი დისკუსია და შეხვედრა, რომელიც სრულად იზიარებს ჩვენს პოზიციას. ჩვენ ევროპელი ლიდერების მხრიდან დიდი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს.
„ალდესთან“ შეხვედრაზე ჩვენ წარვადგინეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. „ალდე“ქართული დემოკრატიის გამორჩეულად დიდი მხარდამჭერია. ისინი გვეხმარებიან აბსოლუტურად ყველაფერში, რომ ჩვენ შედეგზე გავიდეთ. „ალდე“ იზიარებს პოზიციას, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ყველა, ვისაც ბრალი ედება ადამიანების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ფაქტობრივად, შემიძლია ვთქვა, რომ კონსენსუსური პოზიციაა „ალდეში“ ამ კუთხით. სწორედ ამით გამოირჩევა ის და ფაქტობრივად, საქართველოსთან მიმართებით ყველა ქმედების ინიციატორია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, ქართული ოპოზიციის ლიდერები სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე, PACE-ს ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით არიან მიწვეულები. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვედრები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთანაც ექნებათ.
