გიორგი ვაშაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერ დეპუტატს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, ს, მმართველი პარტიის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.
„ყოჩაღ, მადლობა, ბრავო, ეს ხართ. არა უშავს, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. ეს არის ღალატის ის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. რადგან მერწმუნეთ, ეს წყალი მე არაფერს მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს. ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი“, – ასე უპასუხა ტრიბუნაზე მდგომმა გიორგი ვაშაძემ ირმა ზავრადაშვილსა და დარბაზში მსხდომ მმართველი პარტიის წევრებს.
პარლამენტში თითქმის შვიდი საათია მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია.
40 დღეზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
3 აპრილს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, 14 მაისს მას მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული, ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში კი საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
23 მაისს -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება” კანონზე უარს იტყვის.