გიორგი გორგაძე – გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის სიყვარულის გამო ვიყავი წასული

ამ ზაფხულს, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ქვეყნის სიყვარულის გამო წასული , – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი გორგაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.
აღნიშნულით მან სავარაუდოდ, პროკურატურის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პროკურორები დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის არგუმენტით ითხოვენ.
“გერმანიაში ზუსტად ჩემი ქვეყნის სიყვარულმა წამიყვანა, ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ქვეყნის სიყვარულის გამო წასული”,- განაცხადა გორგაძემ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.