სოზარს ახლა პოლიტიკური ხაზების დალაგების დავალება აქვს და „უბერავს“. გააგრძელე, უბრალოდ, ტყუილს რომ ლაპარაკობ, ენა გებმება ხოლმე და გეტყობა ძალიან, – ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებას, რომ იმ ოთახში, საიდანაც გიორგი გახარია 20 ივნისს „მიტინგის დაშლას“ მართავდა, მუდმივად იმყოფებოდნენ გიორგი გახარია, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
„იმ პატარა ოთახში, საიდანაც ასე ეფექტურად მართავდა მიტინგის დაშლას, იყო სამი ადამიანი: იქ იყო ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, იმ ოთახში მუდმივად სხვა არავინ არ იყო, თუმცა ვიღაც ადამიანები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მათ შორის მეც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თეა წულუკიანის დამატებით კითხვაზე, ნინო ლომჯარია იყო იქ, „სადაც თქვენ ტრიალებდით?“, გიორგი გახარია პასუხობს, რომ პარლამენტის შენობაში იყო, თუმცა არ ყოფილა მასთან ერთად ოთახში.
„არ მახსოვს. შენობაში იყო, დანახული მყავს. რომ იცოდეთ, შენობაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ და თქვენ შემოუშვით. მაგალითად „ნაცები“ იყვნენ ბევრი. სახეზე ვიცნობ, მაგრამ გვარები არ მახსოვს. თქვენ უკეთესად იცნობთ, თქვენი ძმაკაცები არიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტის შენობაში ასევე იმყოფებოდა გერმანიის ელჩიც, რომელიც იქ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ოპოზიციამ პარლამენტის შტურმი დაიწყო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა, რომ აღნიშნულის შესახებ საქართველოში ყველა ელჩისთვის შეეტყობინებინა.
„გერმანიის ელჩი მაშინ იმყოფებოდა შენობაში. ის არ ყოფილა ჩემთან, ის იყო შენობაში. გერმანიის ელჩი აღმოჩნდა იმ შენობაში მას შემდეგ, როდესაც დაიწყო შტურმი, ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დავავალეთ და ამ დეპარტამენტმა ყველა ელჩს საქართველოში შეატყობინა, რომ ოპოზიციამ დაიწყო ფიზიკური შტურმი პარლამენტზე. ეს ინფორმაცია გაეგზავნა ყველა საერთაშორისო პარტნიორს იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია გასულიყო და ამ ადამიანებს თვითონ ენახათ, რომ შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე. ეს იყო სწორი და გამართლებული. გერმანიის ელჩი ადგა და მოვიდა, ვინ შემოუშვა პარლამენტის შენობაში, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვადასტურებ, რომ ეს ადამიანი იმ დროს პარლამენტის შენობაში იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
