“დაკავებულ პატიმარზე ძალადობენ და თითქოს არაფერი…” – ასე ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილზე საკანში ანგარიშსწორებას ბრიუსელიდან “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია.
გახარიას განცხადებით, ბრიუსელში და მანამდე ბერლინში ყოველი მისი შეხვედრა, “იწყება და მთავრდება პოლიტიკური პატიმრების და გიორგი ბაჩიაშვილის საკითხით”.
ოპოზიციონერის თქმითვე, პოლიტიკური პატიმრების ციხეში გამოკეტვა და ბაჩიაშვილზე თავდასხმა ადასტურებს, რომ “ოცნება” გასულია ნებისმიერი გონივრულობის ფარგლებიდან”.
ჩემი ყველა შეხვედრა აქ ბრიუსელში და მანამდეც ბერლინში იწყება და მთავრდება პოლიტიკური პატიმრების და გიორგი ბაჩიაშვილის საკითხით, იმიტომ, რომ ეს იმდენად წარმოუდგენელი რამ არის და ისე ახასიათებს “ოცნების” დღევანდელ რეჟიმს, რომელიც გასულია ნებისმიერი გონივრულობის ფარგლებიდან. გიორგი ბაჩიაშვილზე, დაკავებულ პატიმარზე ძალადობენ და თითქოს არაფერი”, – ამბობს გახარია.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.