გიორგი გახარია – “შერატონის” შესასვლელშივე დამხვდა რამდენიმე ჯგუფი, იგინებოდნენ, იარაღით იყვნენ – არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს

არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიასთან პირველად ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მას საქმე არა შემსრულებლებთან, არამედ დამკვეთთან აქვს.
„15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ . ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად.
რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას.
ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. რა თქმა უნდა, ამაზე მიგვითითებს ის, რომ ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს. რასაც იღებდნენ ტელეფონით, ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ფაქტია, რომ გაქრა საერთოდ კამერები, კამერის ანაბეჭდები, რა იყო ამ კამერებზე ასახული და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა „შერატონსა“ და მის მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს კამერები გამქრალიყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, რასაც მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, “სტატუსი საქმის მასალებზე წვდომისთვის არის საჭირო”.
„მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა, სიტყვიერად და ა.შ. და ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით, თუ ამ ჭიქის სროლით. დიახ, ეს მე გავაკეთე, რასაც ჰქვია ყავის შესხმა და ქაღალდის ჭიქის სტყორცნა…მალავენ იმას, იქ რაც მოხდა. მალავენ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან ჩემი მიდგომაც და ხასიათიც, რომ მაინც ბოლომდე მივალთ იმასთან, ვინც იყო ამის დამკვეთი და ვინც იყო ამ პოლიტიკური შურისძიების ავტორი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მსგავსი ღიმილისმომგვრელი, სასაცილო შემთხვევებით მე ვერ გამაჩერებენ და ვერც შემაჩერებენ. ის, რომ ამ აქციაში, თავდასხმაში, მთლიანად ინფრასტრუქტურულად იყო ჩართული ბევრი ძალოვანი სტრუქტურა, მათ შორის „შერატონის“ გარკვეული თანამშრომლებიც, ეს ფაქტები დღეს ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს,“ – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ „იქაურობას, ფაქტობრივად ქიმიური წმენდა ჩაუტარეს“.
„ჩვენ დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ პირველივე დღიდან „შერატონის“ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი შეთანხმებული იყო ამ თავდასხმის ორგანიზატორთან“, -აღნიშნა გახარიამ.