გიორგი გახარია – “ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ იყენებს – ეს არის პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე და პირადი ანგარიშსწორება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს “ბათუმელებზე” – ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე, რომელიც დააარსა პოლიტპატიმარმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, “ქართული ოცნება სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ იყენებს”.
„ამჯერად, შემოსავლების სამსახურს, რომელიც ანგარიშსწორების იარაღად აქცია, მაშინ როცა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ მედიებს შესაძლებლობა ეძლევათ, უპრობლემოდ დააგროვონ ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო ვალი.
ეს არ არის ფინანსური დავა – ეს არის პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე და პირადი ანგარიშსწორება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, ჩაქრეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში”, – წერს გახარია.