გიორგი გახარია – სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ

სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის რომ სიის სათავეში არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის წინა ხაზზე თანაგუნდელები გაუშვა.
„მე ვარ ამ პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკური ძალის ლიდერი. შესაბამისად, მე რომ დავმალულიყავი, ამას ექნებოდა ორი შეფასება. პირველი, მე უბრალოდ შემეშინდა და ბრძოლაში წინა ფლანგზე გავუშვი ჩემი თანაგუნდელები ან უბრალოდ მინდა, რომ პატარა მინიოლიგარქი ვიყო, რომელმაც გვერდიდან შეიძლება რაღაც პროცესები ვმართო და რაღაც რუხი კარდინალივით რაღაცები ვაკეთო. მე არც ერთი მინდა და არც მეორე. სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს არასოდეს დავმალულვარ, არცერთ პოზიციაზე, როცა პრემიერი ვიყავი ან მინისტრი, სადაც ყველაზე მწვავე წერტილები იყო, იქ მივდიოდი და არასდროს დავმალულვარ. არასოდეს არ დავმალულვარ და ყოველთვის მივსულვარ, პასუხისმგებლობა მე ამიღია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ამბობდით, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრებიც იქნებიან თქვენთან ერთად, როდის მოხდება მათი ვინაობის გასაჯაროება“, – გიორგი გახარია პასუხობს, „სულ მალე. ხვალ ნახავთ სიაში ან მათ ნახავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ბევრგან ნახავთ. ეს არის პოლიტიკური პროცესი… ჯერ მათ ვმალავთ, ჩვენ ამ ადამიანების უსაფრთხოებას ვუფრთხილდებით. ყველაფერი წინ გაქვთ, მოემზადეთ“.
ცნობისთვის, პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს