[შეხვედრაზე] კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა – შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, მისასალმებელია, რადგან თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა და საფრთხეა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია – ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ „ოცნება“ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენს პოზიციას. ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთავარი მიზანია ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა: ეს არის ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური რევანშისტული იდეები. ერთიც დამაზიანებელია და მეორეც ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ამიტომ ვამბობთ, ქვეყანაში რომ იყოს სიმშვიდე, არა რადიკალიზაცია, არა დაპირისპირება, არა არჩევნების მეორე დღეს გაწევ-გამოწევა, რომ იყოს სიმშვიდე, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომ არც ერთ და არც მეორე ძალას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის ერთპარტიულად მართვაზე იფიქროს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს ჩამოშლილი „ოცნება“ უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ მე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ და ვეუბნები, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახის რევანში კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ვფიქრობ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება „ოცნების“ მიერ და საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
იმ მოწოდებების პარალელურად რომელიც ევროპარლამენტიდან ისმის, კარგად მახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ არცერთ კონტექსტში და არცერთი სცენარის პირობებში ის არ აპირებს და არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მე მიხეილ სააკაშვილის ჯინი კი არ მჭირს, უბრალოდ, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა და კიდევ უფრო მეტი საფრთხეა.
ბრძოლები თანამდებობისთვის არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ ვხედავთ სად არის ბრძოლის მთავარი ხაზი, ეს გადის დემოკრატიზაციის დაცვასა და ქვეყნის ევროპაში დაბრუნებაზე. ამიტომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა. ქარტიაში ვადები დასახელებული არაა. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით, იმიტომ, რომ დავამარცხოთ და ხელისუფლებიდან გავუშვათ „ოცნება“ ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი არ ჰქონდეს.
შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნება“ მარცხდება და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება. მე ამისთვის ყველანაირ თანამშრომლობაზე ვარ მზად ქართველ ხალხთან, საქართველოს მოქალაქეებთან და მათ შორის, პრეზიდენტთანაც იმიტომ, რომ ვიცი, ისიც იზიარებს ჩვენს ამ პოზიციას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.