ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანის კომისიაზე განაცხადა, რომ მან “ქართული ოცნების” ახალი განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან “გააგდო”, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
მანამდე გახარიამ მიქანაძის ნაციონალურ კავშირზე ისაუბრა:
ნაცები თქვენთან არიან კაცო, მიქანაძე გყავდათ იქ… ნაცები არ მოგწონთ ხომ? ნაცებს რომ გახსენებენ, ეგ არ მოგწონთ… შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს რატომ გავაგდე. ჯობია ეგეთი კითხვები არ დამისვათ თორემ…” – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ექს პრემიერი დღეს ონლაინ ერთვება.
ირაკლი კობახიძემ, განათლების ახალ მინისტრად გივი მიქანაძე წინა კვირას წარადგინა. მანამდე მიქანაძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გივი მიქანაძეს, მაღალ თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც იკავებდა. მიქანაძე 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას უწევდა კურირებას.
„ქართულ ოცნებაში“ გამოჩენის შემდეგ გივი მიქანაძე ირწმუნებოდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა.
ნიკა გვარამია, რომელიც 2008 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აცხადებს, რომ გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა.