გიორგი გახარია: მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუგონარი იყო, ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვთ

“ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ოპერაცია არ ეყოთ, მეორე ოპერაციას უკეთებენ. ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს დღეს რეჟიმი. ყველას გვესმის, როდესაც ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ხალხის მართვისთვის, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ ჩემი პასუხიც და რეაგირება ამ თავდასხმაზე – მე ვეცდები ყველანაირად შევძლო, რომ ეს იყოს ყველა ჩაგრულის ჩაგვრაზე პასუხი. იმიტომ, რომ ჩვენ თუ ასე ინდივიდუალურად ჩვენ ჩვენი პასუხი მოვთხოვეთ ხელისუფლებას, ამის ეფექტი მცირე იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის.

მარტივი მაგალითი – მაგალითად ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, რომლისთვისაც საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო, მაგრამ სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რატომ? იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას” – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.