მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ – ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია – ერთი და იგივე გააკეთეს, იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ერთპარტიულობისა და ერთ ლიდერზე დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საქართველოს ახლა შანსი აქვს დემოკრატიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ამას კონსენსუსური დემოკრატია ჰქვია.
„მარტივია, როდესაც გინდა, ერთ ადამიანს და ერთ ლიდერს ელაპარაკო. მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში იმდენჯერ იწვნია ამ ერთ ლიდერსა და ერთ პარტიაზე ჩამოკიდებულობის უბედურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას თავი უნდა დავანებოთ. არ არსებობს მესია, ყველა შემთხვევაში რამდენჯერაც გამოვიარეთ, იმდენჯერ გავაღმერთეთ და ის გაღმერთებული იმდენჯერ მოგვდგა და დაგვღუპა ჩვენც და ქვეყანაც. ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ამას ჰქვია კონსენსუსური დემოკრატია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება და მესიების და სასწაულების ძებნას თავი უნდა დავანებოთ- ერთი აგერ, მთაზე ზის და მეორე ციხეშია. ორივემ ძალიან კარგად კარგად დაიწყო და საბოლოო ჯამში, ორივემ მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა. დიდი სხვაობა კი არ არის, ერთი და იგივე გააკეთეს. ერთგან ცოტა უფრო მეტი ძალადობა იყო, მეორეგან ცოტა უფრო ნაკლები ძალადობაა, მაგრამ სამაგიეროდ კორუფცია, ფული, მოსყიდვა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ბევრად უფრო მეტი. იქ ფიზიკური ძალადობა იყო, იმიტომ, რომ ტვინი არ ჰყოფნიდათ, უტვინოები იყვნენ, აქ ცოტა უფრო მეტი ტვინი და მოხერხებულობაა და ნაკლებად გცემენ, მაგრამ ნებას გართმევენ. აბა, ავირჩიოთ ახლა რომელი სჯობს?! ამიტომ, რამდენჯერაც ერთ კონკრეტულ ადამიანსა და თუ პარტიაზე ჩამოვკიდებთ ქვეყნის ბედს, იგივე შედეგამდე მივალთ.“- განაცხადა გახარიამ.
მან ამასთან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებული არჩევნების არ სჯერა.
„საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებული არჩევნების არ მჯერა და არ ვთვლი, რომ ეს საჭიროა. მე ვთვლი, რომ ახალი არჩევნების პირობებში თუ ასეთი პოლიტიკური შეთანხმება შედგება, ქვეყანაში გამოსაცვლელია კონსენსუსის საფუძველზე 6 ინსტიტუტში ადმინისტრაცია – ეს არის ცესკო, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო აუდიტორი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ეს არის სუსი. ამ 6 ინსტიტუტში თუ ადმინისტრაცია შეიცვალა, მაშინ ქვეყანაში შესაძლებელია ნორმალური არჩევნების ჩატარება, თუ არ შეიცვალა, მაშინ არანაირ ახალ არჩევნებს აზრი არ აქვს, იგივე იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებამდე ამ 6 ინსტიტუტში კონსენსუსის საფუძველზე ადმინისტრაცია შეიცვალოს.“- განაცხადა გახარიამ.