გიორგი გახარია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე: არაფრის შანსი უკვე აღარ აქვთ, მით უმეტეს 10 დღეში, მით უმეტეს ამ პერსონაჟებს

„ხელისუფლება, რომელიც ასეთი სუსტია, უსუსურია, არაადეკვატურ მდგომარეობაშია, ის რა თქმა უნდა გამოიყენებს სუსსაც და სხვა მის ხელთ არსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს გვმართებს სიფრთხილე” – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ ეთერში პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ლიდერმა.

გიორგი გახარიამ გადაცემის „დღის თემა” – კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა და გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსებისა და თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის, ასევე, მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებისთვის“.

– „მოგმართავთ ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას: ზუსტად 10 დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მმართველ გუნდს წაგებული აქვს.

„არაფრის შანსი უკვე აღარ აქვთ, მით უმეტეს 10 დღეში. მით უმეტეს ამ პერსონაჟებს. მათ ერთადერთი შანსი აქვთ ჩაატარონ სამართლიანი და ღია, დემოკრატიული არჩევნები. არ მოჰპარონ ქართველ ხალხს არჩევანი და ამით შეასრულონ ის როლი და ფუნქცია, პოზიტიური, რომელიც მათ დარჩენიათ. მე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ მათ არჩევნები უკვე წაგებული აქვთ. უბრალოდ ეს გააზრების პროცესი მძიმე იყო. განსაკუთრებით ეს გააზრების მძიმე პროცესი ჩანდა მათ მოგზაურობებზე რეგიონებში.

სოფელ-სოფელ სიარული საპატიო თავმჯდომარესთან ერთად და ხმების მათხოვრობა ადამიანებისგან. მაშინ როცა ვერაფერ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობენ.

მაგალითად, გუშინ ზუგდიდში მთელი დღე საუბარი იყო, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის, თურმე 12 წლის განმავლობაში ქვეყანა აყვავდა, თურმე ეკონომიკა ისეა გაზრდილი და საერთაშორისო რეიტინგებში თურმე ისეთი შედეგები გვაქვს არა მხოლოდ ევროპას, მთელ სამყაროს უსწრებთ, მაგრამ ამის მერე მაინც გვეუბნებიან რომ 12 წელი ცოტაა და კიდევ უფრო დიდ მიზნებს რომ მივაღწიოთ ამისთვის გვჭირდება 25-30 წელი.

ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. არაადეკვატურობაზე მიანიშნებს” – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემაში „დღის თემა”.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს ამომრჩეველს მიმართა, რომ მათ ზუსტად 10 დღეში აქვთ შანსი, „გააცამტვერონ საქართველოში მოქმედი ოთხივე აგენტურული პარტია და უთხრან მათ პატრონებს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”