დაანებეთ ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას თავი, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ შს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდზე კომისიაზე დისტანციურად იკითხება.
წულუკიანმა იმ რისკებს გაუსვა ხაზი, რომელიც საგუშაგოების ჩადგმის შემდეგ რუსეთიდან წამოვიდოდა.
კონკრეტულად, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, წინასწარ გათვალა თუ არა რუსეთის რეაქცია და კონკრეტულად რა გათვალა მან.
“რა რისკებზე იფიქრეთ და რა მოლოდინი გქონდათ, რუსეთის საპასუხო რეაქცია რა იქნებოდა იმ “კეთილშობილურ” ნაბიჯზე, რომ წაღვლელებს, ჩორჩანელებს და ყველას ამოუშანთეთ ფეხი იმ ქართული ტერიტორიიდან, სადაც ისინი შედიოდნენ? თქვენ თვლით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, “კეთილშობილურ” ნაბიჯს რომ დგამდით, გათვალეთ თუ არა რუსების რეაქცია და რა გათვალეთ?” – ჰკითხა წულუკიანმა გიორგი გახარიას.
გახარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ისე იყო გათვლილი, როგორც მოხდა და ამაში კონფლიქტის ესკალაცია იგულისხმებოდა.
“ზუსტად ისე გავთვალეთ, როგორც მოხდა – ის, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდებოდა და არც მოხდა.
რა გინდათ, რომ ომის რისკი… აგერ ვახო გომელაური იყო და ინტერვიუ მისცა, ეგ რისკი გავთვალეთო და 10%-იო…”- უპასუხა გახარიამ წულუკიანს.
“დაანებეთ ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას თავი”, – მიმართა წულუკიანმა.
“თვითონ არ დამანება და ახლა მოითმინოს. ამიტომ, ეგ კითხვა დაუსვით სუს-ს, რომელსაც ეგ რისკები უნდა გაეთვალა”, – უთხრა გახარიამ კომისიის წევრებს.
“სუს-ს, რომელსაც არაფერი არ შეატყობინეთ”, – მიმართა წულუკიანმა.
“ყველაფერი იცოდა სუს-მა, სუს-ი გაურბის თავის პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ თუ ის, რასაც სუს-ი ამბობს, ეს იყო სიმართლე და ისინი მართლა ასე ფიქრობდნენ, მაშინ არანაირი ახსნა არ აქვს, უშიშროებაზე პასუხისმგებელი უწყება ერთ კვირაში რომ ადამიანს, რომელსაც ასეთ რისკებში შეჰყავდა ქვეყანა, პრემიერად ნიშნავენ და ხმას არ იღებს, ეს არის ქვეყნის ღალატი და თუ “დიფ სტეიტმა” დაურეკა და დაუჯერეს ამას, ეს კიდევ ორმაგი ღალატია, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს, მანდ გასასვლელი არ გაქვთ თქვენ იმიტომ, რომ იტყუებით, ყველა ნაბიჯზე იტყუებით”, – მიმართა გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს.
