არ გიფიქრიათ, რომ ინტერესთა კონფლიქტი გაქვთ? მაშინ ჩემი მოადგილე იყავით [ვიცე-პრემიერი], – ასე მიმართა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
გახარიას ამ განცხადების შემდეგ წულუკიანმა მას კითხვით მიმართა, თუ რა ინტერესთა კონფლიქტი შეიძლებოდა ჰქონოდა 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით.
„რისი თქმა გინდათ? მე თქვენი ვიცე-პრემიერი ვიყავი და რა ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება მქონდეს მე, ყოფილ იუსტიციის მინისტრს 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით? რაში შეიძლება მქონდეს ინტერესთა კონფლიქტი, აბა ამიხსენით. ვიყავი თუ არა პარლამენტის შენობაში თქვენთან ერთად იმ ღამეს?“ – მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც მან უპასუხა: „არა, თქვენ საქართველოში არ იყავით“.
წულუკიანმა კი პასუხად განაცხადა: „საქართველოში არ ვიყავი, რა კარგად გხსომებიათ. შესაბამისად, რა ინტერესთა კონფლიქტზეა საუბარი?“, რაზეც გახარიამ მას მიუთითა, რომ მანამდე ის 20 ივნისის მოვლენების შემდგომ პერიოდზე საუბრობდა.
„თქვენ ახლა საუბრობდით შემდგომ პერიოდზე. გამოძიების წელიწად-ნახევარზე. ჩემი უფლებამოსილება, როგორც მთავრობის თავმჯდომარეს, გამოძიებაზე არანაირი არ იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მაშინ იუსტიციის მინისტრი იყავით და ბევრად მეტი კვეთა გექნებოდათ გენერალურ პროკურატურასთან,“ -განაცხადა გახარიამ.
პასუხად, წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია და იუსტიციის მინისტრს ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა პროკურატურაზე, მაგრამ თავად გახარიას ნამდვილად ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი, რომ ან დაეჩქარებინა გამოძიება, ან ხელი შეეშალა.
„ეს არის მართლაც ტყუილი, რომ დაგიბრუნოთ თქვენი სიტყვა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის მაისიდან, კანონში ჩაიწერა, რომ იუსტიციის მინისტრს არანაირი შეხება არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს, [პროკურატურასთან]. ეკრძალება. პროკურატურა გახდა დამოუკიდებელი. სამაგიეროდ, პროკურატურა დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ იყავით. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრს ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა პროკურატურაზე, მაგრამ თქვენ ნამდვილად გქონდათ ყველანაირი ბერკეტი, რომ ან დაგეჩქარებინათ გამოძიება, ან ხელი შეგეშალათ მისთვის… ახლა მაინც მიესალმებით, რომ წარდგეთ პროკურატურის წინაშე და ყველაფერი თქვათ? კი თუ არა?“ – მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ყოფილმა შს მინისტრმა უპასუხა, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია, თუმცა მზადაა, სიმართლის დასადგენად ითანამშრომლოს.
„ვაი… ეს გამოძიება მიმდინარე გამოძიებაა, დასრულებული არ არის. არავის დავუძახებივარ. რომ დამიძახებენ, რომ მივალ და არ მივალ, ეს იქნება პასუხი. მე ყველაფერს მივესალმები, რაც ხელს შეუწყობს სწრაფად ამ გამოძიების დასრულებას და სრული სიმართლის დადგენას. სრული სიმართლის დასადგენად, რა თქმა უნდა, მივესალმები და ვითანამშრომლებ ნებისმიერ გამოძიებასთან,“ – განაცხადა გახარიამ.
