ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზეზზე. მისი თქმით, ამ არჩევნებში მონაწილეობით „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებაზე საუბარი სისულელეა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი და ერთადერთი გზა… მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმ გადაწყვტილებაში, რაც ჩვენ მივიღეთ.
ჩვენი ყველას, ჩემი, თქვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს, სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე იმსახურებს. ეს ფაქტია და სანამ ჩვენ ფაქტს არ გავუსწორებთ თვალებს და არ ვაღიარებთ ობიექტურ რეალობას, ჩვენ წინ ვერ წავალთ.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ბოიკოტს და არაფერს არ ექნება აზრი, ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ „ოცნების“ ამომრჩევლების რაოდენობა შემცირდა. ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ თითოეულ ამომრჩეველთან და თითოეულ ოჯახთან არ მივედით, და მათ არ დავანახეთ…“ – თქვა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვას, ახლა როგორ არის ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელი, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:
„ეს ყოველდღიურად გასაკეთებელი საქმეა. ჩვენ თუ ამას არ მივაღწევთ, ვინც ბოიკოტში იქნება, ვინც ბოიკოტში არ იქნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება – ჩვენი მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ „ოცნებას“ ჰყავს იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე იმსახურებს და ამაში დამნაშავეა ოპოზიციაც.
ჩვენ სანამ ამას არ მოვაგვარებთ, ვერავინ ვერც ქვეყნის გარედან და ვერც ქვეყნის შიგნით ვერ დაგვეხმარება. თქვენ თუ გგონიათ, ბოიკოტით და წამოწოლილი სადღაც ზღვის პირას შამპანურით რამეს მივაღწევთ, ვერაფერს ვერ მივაღწევთ…
იმ ადამიანებთან თუ არ მივედით და თუ არ ავუხსენით, განსაკუთრებით ახლა, როგორი დეზინფორმაციის, ტყუილების, პროპაგანდის მსხვერპლია, და მარტი იმის იმედი გვექნა, რომ ბოიკოტს გამოვაცხადებთ და ლეგიტიმაცია არ ექნება. რა შუაშია მუნიციპალური არჩევნები და ლეგიტიმაცია?!“
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უსარს ამბობენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ. მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს – რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“. „მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 9 ივლისს.
„ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე მოვლენებს „გადაჯგუფებად“ მიიჩნევენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრძოლა უშედეგო იქნება. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ იწვევს OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას, რაც საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების კიდევ ერთი საფუძველია.
არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან დაკავებული იქნებიან: „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები: ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ასევე გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ისინი სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს.
ფორუმი
