ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს. ვიდეოში, რომელიც გიორგი გახარიას ინსტაგრამგვერდზე გავრცელდა, იგი ამბობს, რომ პარტია მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
“არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ მარტო”, – ამბობს ის.
“ქართული ოცნება” გიორგი გახარიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და მიზეზად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მაშინ მმართველი პარტიის ლიდერებმა გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ გარიგებასა და ქვეყანაში არეულობის სურვილში დაადანაშაულეს. გიორგი გახარიას ისინი ღალატში სდებენ ბრალს.