გიორგი გახარიას საქმის პროკურორი – ბრალდების მხარემ იშუამდგომლა მტკიცებულებების ამორიცხვაზე, რადგან არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს და მხოლოდ შეფასებას წარმოადგენდა

მტკიცებულება არის დადასტურებული ინფორმაცია და არა კონკრეტული პირების შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა მარიამ გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარის მტკიცებულებები მოსამართლემ საქმეს არ დაურთო, რადგან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ ეხებოდა.
“მტკიცებულება არის დადასტურებული ინფორმაცია და არა კონკრეტული პირების შეფასება. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა მტკიცებულებების ამორიცხვაზე, რადგან არ ეხებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან, მხოლოდ და მხოლოდ შეფასებას წარმოადგენდა. ვინაიდან, ჩვენ, მტკიცებულებების საფუძველზე ვუშვებთ საქმეს სასამართლოში, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოეთხოვა, შესაბამისად ეს გარემოება სასამართლომაც გაიზიარა. მტკიცებულებები სასამართლოზე იქნება გამოკვლეული”,- განაცხადა მარიამ გიგაურმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინასასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად აღმკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა, ასევე მოსამართლემ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაურთო, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.