გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 20 ივნისის საქმეზეც

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიმართა, მოსამართლემ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. მისივე განცხადებით, შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გაუგონარი ბრალი ედება არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე. გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, პროკურატურა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ცდილობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე შური იძიოს.
როგორც ცნობილია, მანამდე გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.