„ქართული ოცნების“ მიერ სადაო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერსა და ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას დისტანციური ჩართვის მეშვეობით მოუსმენენ, ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა გახარიას მარწმუნებლის მიერ მიღებული წერილის საფუძველზე მსჯელობის შემდეგ მივიდნენ.
კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია ვალდებული იქნება „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.
„არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ კომისიის მოთხოვნაა, რომ 2 ივლისს მან უზრუნველყოს, ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ გიორგი გახარიას ახსნა -განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. თუ ვთანხმდებით ამაზე, რომ ამ მოთხოვნით და დათქმებით, რაც წერილში ჩაიწერება, რომ „უზრუნველყავით გამართული ჩართვა და პასუხი აგეთ იმაზე, რომ სანამ სხდომა არ ამოიწურება, მან უნდა მოიცალოს“ – 2 ივლისს ჩვენ გახარიას მოვუსმინოთ თბილისის დროით 16:00 საათზე, მივცეთ მას ჩართვის საშუალება. მოთხოვნა არის შემდეგი: „2 ივლისს, გთხოვთ ჩაერთოთ კომისიის წინაშე სხდომაზე და ეს სხდომა არ დატოვოთ მანამ, სანამ კომისია არ იტყვის, რომ ამოწურულია კითხვები და უზრუნველყავით გამართული დისტანციური მონაწილეობა“. „შეხვედრა მაქვს და გერმანელ სოციალისტს უნდა შევხდე“ – ეს ვერ იქნება არგუმენტი. გერმანელ სოციალისტებზე უფრო მაღლა დგას საქართველოს პარლამენტი, ეს როგორღაც ქართულმა ოპოზიციამ უნდა გაიგოს“, – თქვა თეა წულუკიანმა.
კომისიაზე გიორგი გახარია დაბარებულია ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხზე ხელმეორედ გამოსაკითხად. ის 23 ივნისს იყო დაბადებული, მაგრამ პარტიაში განაცხადეს, რომ საქართველოში არყოფნის გამო გახარია სხდომას ვერ დაეწყებოდა და მზად იყო დისტანციური გამოკითხვისთვის.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
