გულდასმით გავეცანი როგორც ბატონი ბიძინას გამოსვლას, ასევე – პარტიებისა და მათი მედია-რესურსების მიერ გავრცელებულ დამახინჯებულ ვერსიას, ამის საშუალება ყველას აქვს. ეს ცალკე უბედურებაა, რომ ეს ადამიანები ვინმეს სინდისსა და ნამუსზე ელაპარაკებიან, ქვეყნის ჩამბარებლები და გამყიდველები, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში გიორგი გამსახურდიამ.
მან კომენტარი გააკეთა გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
„არ დავიწყებ იმ ადამიანის ვექილობას, რომელსაც ეს არ სჭირდება და ეს მისი სიტყვებითა და საქმით დასტურდება. ადამიანი სახელმწიფოებრივად აყალიბებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოზიციას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან. იქ ეს ბინძური კონტენტი ახლოსაც არ დგას, მაგრამ წინასაარჩევნოდ ყველაფრის დამახინჯებას, საზოგადოებისთვის დამახინჯებული ფორმით მიტანას აპირებენ, ფაქტია და თუნდაც, პირველი მერცხალი ეს იყო“, – აღნიშნა გამსახურდიამ.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”