აუდიტის სამსახურის სიძლიერე განაპირობებს სახელმწიფოს მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, – ეს განცხადება პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
როგორც გაბიტაშვილმა ახალ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, გენერალური აუდიტორის თანამდებობა მისთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა, ქვეყანას ახალი პოზიციიდან ემსახუროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„მინდა მადლობა გადავუხარო სახელისუფლო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები მუშაობენ.
ვამაყობ, პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, – განაცხადა გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა.
გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.
პარლამენტი გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 5 წლის ვადით ირჩევს.
