გიორგი ბუტიკაშვილი – გახარიას ეგონა, კომისიაზე მისვლით რაღაცას მოიპოვებდა, მაგრამ ივანიშვილი მხოლოდ თავისი წესებით თამაშობს – კომისიაზე ხელმეორედ დაბარებაზე ყველა მიიღებს წერილს, დიდი ალბათობით, შეცვლიან კვალიფიკაციას და განჩინება ბევრად უფრო რთული იქნება

ჩორჩანას ეპიზოდი კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ივანიშვილთან თავის დახრა; რას ნიშნავს, როდესაც თამი მიყვები, რომლის მმართველიც თვითონ არის – გახარიას ეს პრობლემა ჰქონდა, როდესაც დაარღვია შეთანხმება ზურაბიშვილთან და კომისიაზე მივიდა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ბუტიკაშვილი ამასთან, გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ხელმეორედ მიიღო შეტყობინება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ. ბუტიკაშვილის აზრით, იმ პირებისთვის, რომლებიც მეორედ დაიბარეს კომისიაზე, „შეცვლიან კვალიფიკაციას განჩინებას და ბევრად უფრო რთული განჩინება იქნება“.
„ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ივანიშვილთან თავის დახრა. რას ნიშნავს, როდესაც თამაშში მიყვები, რომლის მმართველიც არის თვითონ. გახარიას ეს პრობლემა ჰქონდა, როდესაც დაარღვია შეთანხმება სალომე ზურაბიშვილთან და კომისიაზე მივიდა. მას ეგონა, რომ ამით რაღაცას მოიპოვებდა, მაგრამ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ივანიშვილი თამაშებს მხოლოდ თავისი წესებით თამაშობს. იმ წესებში შეყოლა ნიშნავს, რომ წაგებული ხარ. გახარიამ ეს თავის თავზე გამოსცადა ახლა და არა მარტო გახარიამ. გვარამიასაც მიუვიდა ციხეში წერილი და ასევე, საც. ალბათ, ბადრი ჯაფარიძეც მიიღებს წერილს და ყველა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. შესაბამისად, ივანიშვილი აწესებს წესებს და ამ წესებში და თამაშში შეყოლა მხოლოდ ივანიშვილს აძლიერებს. დიდი ალბათობით, შეცვლიან კვალიფიკაციას, განჩინებას და ბევრად უფრო რთული განჩინება იქნება, ჩემი აზრით. ეს ციხეს არ გულისხმობს ერთ წელს და ორ წელს, ბევრად მეტია იმ მუხლით, რა მუხლითაც არიან ისინი დაბარებულები მეორედ კომისიაზე“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ამასთან, ბუტიკაშვილმა ისაუბრა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზეც, სადაც ის მზაობას გამოთქვამს ოპოზიციის „საერთო სიაზე და ერთიან ძლიერ კანდიდატურაზე“ თვითმმართველობის არჩევნებზე. ბუტიკაშვილის თქმით, მისი კოალიცია მზადაა დისკუსიისთვის, იმის შესახებ, „როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობის შემთხვევაში“.
„მამუკა ხაზარაძეს გუშინ შევთავაზე პირადად, ელენე ხოშტარიასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ არ შევდივართ თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ უნდა ვკოორდინირდეთ; რა პოზიციები უნდა გვქონდეს, როგორ უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ აქ აღარ არის დემოკრატია და დემოკრატიის ფასადში მონაწილეობა ივანიშვილის არგებს მხოლოდ და არა ჩვენს საზოგადოებას
და ჩვენს ევროპულ მომავალს. სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს შეთავაზება ჩვენი მხრიდან არის, როგორ ვკოორდინირდეთ იმ შემთხვევაში, თუ ბოიკოტს ვუცხადებთ ამ კრიმინალურ არჩევნებს.
პოლიტიკური პარტიების ფუნქცია ისაა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ეს ხომ არ არის. ის, რაც არ არის არჩევნები და ივანიშვილის სახის შენარჩუნებას ემსახურება, როგორც დემოკრატის, ამ ფარსში მონაწილეობა არგებს მხოლოდ ბიძინას. ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერავის ვერაფერს ვერ გამოვგლეჯთ. კორუფციული სქემები ისე არის აწყობილი დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, რომ ივანიშვილი ამას არავის არ დაუთმობს იმ სქემით, რა სქემითაც მოიგო 2024 წლის არჩევნები. ეს იყო მასიური გაყალბება. ამიტომ, ჩვენც ღია ვართ დისკუსიისთვის, ოღონდ დისკუსია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ თემაზე, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობის შემთხვევაში“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები