გიორგი ბურჯანაძე – თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო – ისეთი არაფერი მაქვს ჩადენილი, რამაც შესაძლოა, ჩემ მიმართ ნდობა შეარყიოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე ე.წ. ვეტინგის მომხრეა და ამბობს, რომ თუ საბჭოს წევრად აირჩევენ, მზადაა, ეს პროცედურა გაიაროს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, კომისიის წევრის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვეტინგი“ გამართლებულია, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება და საქართველო „თეთრი ყვავი“ არ უნდა იყოს.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ პროცესში ვმონაწილეობ ისაა, რომ ეს ძალიან ჰგავს ე.წ. ფრივეტინგის პროცედურას, რაც “ვეტინგის” ერთ-ერთი მხარეა. ამ პროცესის მიმართ სანდოობის ერთ-ერთი დეტერმინანტი ესეცაა. ზოგადად, მომხრე ვარ ამ ტიპის მექანიზმების. არა მხოლოდ მე, არამედ ადამიანები, რომლებიც მოსამართლეები არიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამას უჭერენ მხარეს, რადგან ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა აღდგეს. როდესაც ადამიანს დასამალი არაფერი გაქვს, შემოწმებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ევროკავშირის მიერ მოთხოვნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ვეტინგი“. თუ გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, მზად ვარ, „ვეტინგის“ პროცედურა გავიარო, რადგან ვთვლი, რომ ისეთი არაფერი არ მაქვს ჩადენილი, არ მაქვს დარღვევა, რამაც შესაძლოა, ჩემ მიმართ ნდობა შეარყიოს, ანდა აღმოჩნდეს, რომ რაღაცას არ ვაკმაყოფილებ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ „ვეტინგი“ გამართლებულია სასამართლოსთან მიმართებით, ამაზე პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც დასაშვებად მიიჩნია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან მისი თანაარსებობა, დასაშვებად მიიჩნია ადამიანის უფლების პერსპექტივით. ამის შესახებ საუბრობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ე.წ. რბილი სამართლის მეშვეობით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ თეთრი ყვავები და არ უნდა ვიძახოთ რაზეც მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა თანხმდება, რომ ეს დასაშვებია და სასამართლოს დამოუკიდებლობას არ უშლის ხელს. განსაკუთრებით ალბათ აღსანიშნავია ვენეციის კომისიის მოსაზრებაც, რომელმაც თავის დროზე გვირჩია „ფრივეტინგის“ განხორციელება, რათა ნდობა აღდგენილი და გაზრდილი იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მოიტანს შედეგებს. ძალიან ხშირად, როდესაც „ვეტინგის“ საკითხი აქტუალური იყო, ყველა საუბრობდა, რომ არიან ქვეყნები, სადაც ეს წარმატებით არ განხორციელდა. დიახ, არიან ასეთები, მაგრამ იმ წარუმატებელ მაგალითებზე დაგროვდა ცოდნა და გამოცდილება. მიმდინარეობს სხვადასხვა პრინციპის შემუშავება. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს „გაიდლაინებსა“ და პრინციპებზე მუშაობა, რომელიც დაადგენს სტანდარტებს. ამ პროცესს ძალიან კარგად ახორციელებენ და მოლდოვა, რასაც ადასტურებს როგორც ვენეციის კომისია, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, ევროკავშირი, ამას კარგად ახორციელებს ალბანეთი. პირველი ტალღის ხარვეზებსა და პრობლემებზე დაყრდნობით, ალბათ შესაძლებელია, კომპლექსურად თუ ვიმუშავებთ, ამ პროცედურის ჯეროვნად დამუშავება“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.