გიორგი ბოტკოველმა და გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, გიორგი ბოტკოველმა და გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკოსებმა ხალხს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, 4 ოქტომბერს ყველა უნდა შეიკრიბოს ქვეყნის მთავარ გამზირზე და დამარცხდეს ის რეჟიმი, რომელმაც ადამიანები გააღატაკა.
„ძალიან მარტივია პასუხი კითხვაზე რატომ უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს. ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში არცერთი ბრძოლა არ გამოგვიტოვებია, არცერთი , მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა და აღარ არსებობს. ამ ყველაფრისგან გამოსავალი არის სამართლიანი ადამიანების პროტესტი, რომლებიც 4 ოქტომბერს შეიკრიბებიან. 13 წლის წინ, კახეთში ყველას კარგად გვახსოვს, ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა რა დაპირებები გასცა და რა მეთოდებით მოვიდა – ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსენებაც კი შეგვიძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა არასამართლიანი მეთოდებით მოიპოვა ქვეყნის სადავეები. სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა შევიკრიბოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე და დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომელმაც ადამიანები გააღატაკა, მათ დაჩაგვრას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას დაუკარგოს სუვერენიტეტი“, – განაცხადა ბოტკოველმა.