პირველ რიგში, თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ რაღაც სიმართლე გაირკვევა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, სიმართლის გარკვევის იმედი ნაკლებად გვაქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ფაქტობრივად, პირველი ორი დღის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის მეგობრებსაც კი აკრძალული ჰქონდათ სოლიდარობის გამოხატვა“.
„ერთადერთი ვინც კლინიკაში მივიდა იყო ირაკლი ღარიბაშვილი, სხვამ ვერც კი გაბედა იქ [კლინიკაში] მისვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის კლინიკაში მისვლის შემდეგ, ჩვენ გამოქვეყნებული მხარდამჭერი სტატუსები დავინახეთ. რა თქმა უნდა, ადამიანს როდესაც უჭირს, არანაირ პოლიტიკურ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს მხარი უნდა დავუჭიროთ და მას გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ეს დღევანდელი ხელისუფლების ჩვეული სტილია, რომ მათი კორუფციული, მოღალატეობრივი ქმედებები და დანაშაულებების გადაბრალება სხვაზე მოხდეს… ეს ყველაფერი არის მათი დაწერილი სცენარი, მათი განხორციელებული პროცესი და ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გაირკვევა, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში ის რეჟიმი, რომელმა რეჟიმმაც ქვეყანას სუვერენიტეტი, დემოკრატია მოუსპო. ფაქტობრივად, კორუფცია გაამეფა და ის დანაშაულებები, რომელ დანაშაულებებსაც ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
გარდა ამისა, ბოტკოველი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ თორნიკე რიჟვაძის კონტექსტში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ”.
„ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ თქვენი მხრიდან მუდმივად დასტრესილები ვართ? – ის კრიტიკა, რომელიც სახელისუფლებო ტელევიზიებიდან მოდის, ანუ ჩვენ სტრესში უნდა ვიყოთ?! ახლა რამეს გვატყობთ, რომ სტრესში ვართ? – სტრესში იმის გამო ვართ, რომ ქვეყანა უკან და უკან მიდის და არ ვითარდება. ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ თითოეული ჩვენგანი ვიბრძვით! თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესია, რომ ისინი გამდიდრდნენ და ხალხი გააღარიბონ. ის გაღარიბებული ხალხი მერე რაღაც გროშებად იყიდონ და მათი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, ბოტკოველი ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ დებატებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების მიზანია, რომ საქართველოს მეგობრებმა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ საკუთარი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ გამოხატონ“.
„გუშინ, ჩვენ ვნახეთ არ აღიარებული ე.წ. პარლამენტის და ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურებები, რომლებიც აგდებით საუბრობდნენ – „ისევ ის რეზოლუცია მიიღება, ეს ხომ ძველია“. არა, ეს ძველი არ არის! ეს არის ახალი რეზოლუცია. ჩვენთვისაც სამწუხაროა, რომ ასეთი რეზოლუციები მიიღება და დღეს, ჩვენ გვყავს თვითაღიარებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი თავის კმაყოფით და პირადი ცხოვრების წარმატებით არის დაკავებული. ამიტომ ეს რეზოლუციაც და სხვა რეზოლუციებიც იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენ მეგობრებმა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის მიღების ან არ მიღების გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ პოლიტიკური ძალა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, მყარად არის ცნობილი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
