გაერო-ში მოვისმენთ სუფლიორის მეშვეობით წაკითხულ განცხადებას, კოპირებულს იმ წერილიდან, რაც ვითომ დონალდ ტრამპს გაუგზავნა – იქნება მეტი მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისა და პირადად პუტინისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას რუსეთს კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ „მათ მხარდამხარ იბრძვიან, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“.
„გაეროში პრეზიდენტის რა განცხადება უნდა მოვისმინოთ? მოვისმენთ სუფლიორის მეშვეობით წაკითხულ განცხადებას, რომელიც კოპირებული იქნება იმ წერილიდან, რაც ვითომ დონალდ ტრამპს გაუგზავნა. ალბათ უფრო გამკაცრებული და უფრო მეტი ბოღმა ჩადებული, უფრო მეტი მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისა და პირადად პუტინისთვის, რათა იქიდან დაანახონ, რომ აქაც „ჩვენ შენს მხარდამხარ ვიბრძვით, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, მან 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„არანაირ დაძაბულობას, არანაირ უკანონობას არავინ არ აპირებს. იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის ბევრი გულანთებული, პატრიოტი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს სწორედ იმ მოლოდინებს, რომელ მოლოდინებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ფაქტობრივად, პიკეტირებაა, როდესაც ამდენი ადამიანი დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე. ეს არის პიკეტირება იმ მოედნის, სადაც იდგება ძალიან ბევრი ქართველი, საქართველოს მოქალაქე, გულანთებული პატრიოტი ადამიანი. რაც შეეხება კონკრეტულად ვის რა პოზიცია გააჩნია, ჩვენ ვიქნებით მონაწილეები ამ პროცესის, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქესთან ერთად, რომელიც შეიკრიბება. ამაზე საუბრობს, თითქმის, ყველა ჩვენს ქვეყანაში, რომ 4 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მე პირადად ვემხრობი, რომ დასრულდეს რუსული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ავიწროებს ყულფს ჩვენი ქვეყნისას, რათა სამუდამოდ დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, აქედან გამომდინარე, თითოეულმა ადამიანმაც დაკარგოს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და გახდეს რუსული მმართველობის ჩაკეტილი ქვეყანა. მე 4 ოქტომბერს, ოთხ საათზე, ჩემს ოთხ შვილთან ერთად მივდივარ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
