გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი წარუდგინა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
4 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.
“გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა. ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – დაწერა გიორგი ბაჩიაშვილმა.
პოსტი სრულად
***
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ს ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.
25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.