გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვარი 2 მარტს გადაკვეთა, სომხეთი კი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტით დატოვა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული ს ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა – დაკავების მიზნით.
ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.