გიორგი ბაჩიაშვილი ყვება, რატომ გაიყარა მისი და ივანიშვილის გზები

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მისი და ს გზები იმიტომ გაიყარა, რომ მას საკუთარი აზრი გააჩნდა, რითაც ივანიშვილის გარემოცვაში ძალიან ცუდი მაგალითი იყო. ამის შესახებ ბაჩაშვილმა ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ თავად აღმოაჩინა Credit Suisse-ში თანხის გაფლანგვა და შემდეგ ამ ფინანსური პრობლემის გადაწყვეტას ხელმძღვანელობდა, თუმცა არ აჰყვა და არ დაეთანხმა ივანიშვილის განცხადებებს საქმეში გარე ჩარევების შესახებ.

„მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა Credit Suisse-ში თანხის გაფლანგვა, ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის მხარეს; მე არ ვიცი, თავად Credit Suisse-ში ეს როდის აღმოაჩინეს. შევკრიბე საერთაშორისო იურისტების არმია, შეიძლება ითქვას, რომელსაც ვხელმძღვანელობდი; მქონდა ყველა დეტალი ამ საქმის გარშემო და ვიყავი მთავარი მოწმე ორივე სასამართლოში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ვხელმძღვანელობდი ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ საქმეს. მე ეს არ მივატოვე, მას პირობა მივეცი, ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო, ივანიშვილის სიყვარულით არ გამიკეთებია, ეს ჩემი დაწყებული საქმე იყო და ბოლომდე ისე მივუყვანე, რომ ყველა სასამართლოში, აბსოლუტურად ყველა პუნქტი რომელზედაც მას ნაჩივლი ჰქონდა, დააკმაყოფილა სასამართლომ, ბერმუდამაც და სინგაპურმაც. შესაბამისად, მე ჩემი ყველანაირი პროფესიული და მორალური ვალდებულება ძალიან კაცურად და ბოლომდე შევასრულე.

არცერთი საქმე არ მივატოვე, თანაინვესტირების ფონდშიც ძალიან ძლიერი გუნდი დავუტოვე, რომლითაც ვამაყობ, სათითაოდ ყველა იმ ადამიანით, რომელიც თანაინვესტირების ფონდში მუშაობს. რა თქმა უნდა, Credit Suisse-ის საქმე ბოლომდე მივიყვანე ისე, რომ მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს 10-ით ნული მოვუგე“, – ამბობს ბაჩიაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი რაზედაც ბაჩიაშვილი ამახვილებს ყურადღებას უკრაინის ღია მხარდაჭერა და ს აგრესიის დაგმობაა, რაც მისივე თქმით, ივანიშვილმა ვერ აიტანა.

„მე უბრალოდ ივანიშვილის გარემოცვაში ვიყავი ძალიან ცუდი მაგალითი ადამიანის, რომელსაც აქვს თავისი აზრი. მე ვიყავი ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვაში, სხვა არავინ ყოფილა, ვინც უკრაინის ომის დაწყებისას აქტიურად ჩემი სოციალური მედიის მეშვებით დავიწყე რუსეთის აგრესიის დაგმობა და უკრაინის მხარდაჭერა. ესეც ვერ აიტანა ივანიშვილმა, ვერ აიტანა, რომ როდესაც მან საქართველოს გარე პოლიტიკური კურსის მოსატრიალებლად დაიწყო დასავლეთისგან რაღაც მონსტრის შექმნა, გარე ძალებზე და გლობალურ ომის პარტიაზე და მსგავს სისულელეებზე მაქვს საუბარი, ამას თხზავდა ზუსტად მაშინ, როდესაც იწყებოდა რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებები. მე ამაში არ ავყევი და არც დავეთანხმე იმ სიგიჟეში, თითქოს რაღაც გარე ძალები იყო ჩარეული მისი და Credit Suisse-ის საქმეში. თუკი რამე ძალები იყო ჩარეული ამ საქმეში ყველა ძალა იყო ივანიშვილის სასარგებლოდ, რადგან აბსოლუტურად ყველა სასამართლო მოგებული გვაქვს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია, იურისტების არმიაც ჰყავთ და ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა გაწელონ საქმეები და ამას აკეთებდნენ, რისთვისაც ბევრმა მოსამართლემ გააკრიტიკა, მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე ამაში ჩარეული იყო, სიგიჟეა“,- ამბობს ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ოთხჯერ გადადების შემდეგ, ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეზე ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხებოდა, თუმცა გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე