„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელი, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხეს.
როგორც ჟურნალისტებს ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ბაჩიაშვილის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, გამოძიებისთვის, საკანში ბაჩიაშვილზე თავდასხმის ფაქყზე ინფორმაცია ისეთი სიზუსტით იქნა მიწოდებული, რომ ის გამოძიებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას.
„ბაჩიაშვილმა უფრო დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოხდა იზოლატორში, მისი ტრანსპორტირებისას, „ვივამედში“ და უკან მისი დაბრუნებისას. საქმეში ახალი ფიგურანტები არ არიან, თუმცა დაზუსტებულია გარკვეულ პირთა ვინაობა. მან კიდევ ერთხელ დააყენა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები დაარქივდეს და ამოიღონ, რათა სურათი უფრო ობიექტური იყოს. ინფორმაცია ისეთი სიზუსტით არის მიწოდებული, რომ ის გამოძიებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას. ჩვენთვის უცნობია, ახლა რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება,“ – განაცხადა მან.
ამასთან, დავით ჯანდიერმა განაცხადა, რომ აპირებს სახალხო დამცველის ოფისში დარეკოს და მოუწოდოს სახალხო დამცველს, მისი წარმომადგენლები მონიტორინგისთვის გიორგი ბაჩიაშვილთან შევიდნენ.
„მე ვაპირებ დავრეკო სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და საჯაროდაც მინდა მოვუწოდო სახალხო დამცველს, შაბათს და კვირას მისი წარმომადგენლები მონიტორინგისთვის შევიდნენ გიორგი ბაჩიაშვილთან,“ – განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
