გიორგი ბაჩიაშვილი: „ივანიშვილმა პირადად დამირეკა და მითხრა: გიორგი, ჭკვიანად მოიქეცი, თორემ…“

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ მოჰყვა ის მიზეზი, რატომაც მისი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილმა მასზე შურისძიება გადაწყვიტა. „ივანიშვილმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა: გიორგი, ჭკვიანად მოიქეცი, თორემ მე გაჩვენებ შენ, რუსეთში როგორ ვალაგებდი კრიმინალსო“ – ამბობს ის.
– რამდენიმე დღის წინ, „გირჩი Tv“-სთან ინტერვიუში, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ასეთი რაღაც თქვა: „მე ბევრი შევეცადე, თავის დროზე გიორგი დამერწმუნებინა, რომ ეს პრობლემა გაიზრდება და აფეთქდება და დაალაგე-მეთქი, სულ ვეუბნებოდი“… რა პრობლემა იგულისხმა?
– ირაკლი რუხაძე მეუბნებოდა, რომ ივანიშვილს აქვს ეჭვები, რომ შენ ხარ ამერიკის აგენტი და აქ ხალხი მას ტვინს ურევსო… ბიძინა ივანიშვილს მსგავსი ეჭვები ჩემთანაც გამოუთქვამს, მაგრამ ეს იმხელა სისულელედ მიმაჩნდა, რომ გაურკვეველი იყო, რა უნდა მეთქვა – მე არ ვარ ამერიკის აგენტი?!
– სულ ეს იყო, რაზედაც ირაკლი რუხაძე გარწმუნებდათ?
– დიახ… რეალური მიზეზი კი ვიცი, რაც იყო ანუ ის, რაც 2022 წლის შემდეგ მოხდა – მე მას [ივანიშვილს] არ დავეთანხმე იმ სიცრუის და რიტორიკის ტირაჟირებაში, რომელიც მან მოახერხა ზაზა შათირიშვილის და „ქართული ოცნების“ წევრების მეშვეობით და დემონიზება მოახდინა ევროპის და ამერიკის; ამის შესახებ მე მას პირადად ვუთხარი და ძალიან უსიამოვნო საუბარი იყო… შემდეგ, როცა ში აგრესიის დაგმობა აქტიურად დავიწყე, მას უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩემთვის ბოლო მოეღო და შური ეძიებინა, რადგან ის ადამიანი, ვინც მის რიტორიკას შეეწინააღმდეგებოდა, არ შეიძლებოდა დაეტოვებინა იმ ფინანსური რესურსით, რაც მე გამაჩნია.
– თქვენ ინტერვიუებში ხშირად ამბობთ, რომ უკრაინის მხარდამჭერ „სთორებს“ დებდით „ინსტაგრამზე“… რა ფორმით გაფრთხილებდათ ან ვისი პირით შემოგითვალათ?
– თავად დამირეკა და პირდაპირ მითხრა: გიორგი ჭკვიანად მოიქეცი, თორემ მე გაჩვენებ შენ, რუსეთში როგორ ვალაგებდი კრიმინალსო…
– ამ სიტყვებით გითხრათ?
– დიახ… მუქარით, ზუსტად ასე მითხრა.
– ამ საუბრის ჩანაწერი გაქვთ?
– ძალიან გაინტერესებთ ჩანაწერები…
– იმიტომ, რომ უფრო დამაჯერებელია და თან მუქარა ხომ დანაშაულია…
– რა თქმა უნდა, დანაშაულია… საზოგადოება ყველაფერს თავის დროზე შეიტყობს. საერთოდ, ახლა რაც ხდება ჩემ წინააღმდეგ ერთი დიდი დანაშაულია და მარტო ივანიშვილი კი არა, ყველა ის ადამიანია დამნაშავე, რომელიც ყურით მოჰყავს სასამართლოში – პროკურორით დაწყებული, მოსამარლით დამთავრებული….
– თქვენი საქმე დასკვნით ეტაპზეა. რა მოლოდინი გაქვთ – დაგიჭერენ?
– მე არ მაქვს ამ სასამართლოზე არანაირი მოლოდინი… დამიჭერენ თუ არა, ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემი ბრძოლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგრძელდება. ჩემი ქართველი და უცხოელი იურისტები მეუბნებიან, რომ საქმე ჩემი გამარჯვებით დასრულდება და ეს იქნება ძალიან მძიმე განაჩენი ბიძინა ივანიშვილისთვის.