დღეს, 25 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მასთან დაახლოებულმა პირმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძეს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. „ნეტგაზეთი“ მის მთავარ განცხადებებს გთავაზობთ.
საკადრო პოლიტიკა
„ივანიშვილის კარგი თანამშრომელი და გუნდის კარგი წევრი ნიშნავს კარგ მარიონეტს. ის მათ ცვლის, მაგრამ როგორც კი მარიონეტს საკუთარი აზრი უჩნდება, ან ბრმად არ მიჰყვება ივანიშვილს, ის ხდება ან ცუდი ადამიანი, ან აგენტი, ან ქვეყნის მტერი, ან მოღალატე. ჩემს შემთხვევაშიც ეს იყო. მან დაინახა, რომ არც მისი მარიონეტი ვიყავი და არც საკუთრება. [..] ივანიშვილი არავის ადამიანად არ თვლის. ვინც მის საკუთრებაშია, ეს არის რესურსი“.
საგარეო პოლიტიკა და „გლობალური ომის პარტია“
„ვიყავი ერთადერთი ადამიანი მის გარემოცვაში, ვინც ღიად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ესეც ვერ აიტანა ივანიშვილმა. ვერ აიტანა, როცა კურსის მოსატრიალებლად დაიწყო დასავლეთისგან მონტრის შექმნა, – გლობალური ომის პარტია და სხვა, – ამას თხზავდა, როცა იწყებოდა ომი. არ ავყევი და არ დავეთანხმე. არ დავეთანხმე სიგიჟეში, თითქოს რამე გარე ძალები იყვნენ მისი და კრედიტ სუისის საქმეში. კრედიტ სუისში აკრგად იციან საქმის გაწელვა და აკეთებდნენ კიდეც ამას. მაგრამ სიგიჟეა იმის თქმა, რომ ვინმე ამაში იყო ჩარეული“.
„ივანიშვილის ანგარიშების დასუფთავება, კრიმინალი დაიწყო 2006-07 წლებში. გამორიცხულია, მაშინ ივანიშვილს ჰყოლოდა გლობალური ომის პარტიისნაირი მტერი, რომელიც ასე გაუსწორდებოდა. სულ რომ მართლა არსებობდეს, როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს ერთადერთი, ვისთვისაც ახალი დოქტრინა გამოიგონეს – როგორ უნდა წაართვან კაცს ფული?“.
„2022 წელს მისთვის ცხადი გახდა, რომ მისი ავტოკრატული მმართველობა შეუთავსებელი იყო ევროკავშირთან. ივანიშვილი იმ გავლენებით, როგორი გავლენაც ჰქონდა და როგორ მჭიდრო მარწუხებშიც ჰყავდა ქვეყანა მოქცეული, ვერ შევიდოდა ევროკავშირში. მან გადაწყვიტა დასავლეთის და ევროკავშირის დემონიზება. ამისათვის „კრედიტ სუისის“ ქეისიც მოიხმარა, მერე დაიწყო ზაზა შათირიშვილის მეშვეობით წერილების გამოქვეყნება – ივანიშვილი წერს მაგ ნაშრომებს, მისი მონაწილეობით იწერება. მას სჭირდებოდა კარგი მიზეზი საგარეო ურთიერთობის მოსატრიალებლად, ეს კარგი მიზეზი იყო „კრედიტ სუისის“ საქმე, სადაც არანაირი გავლენა არანაირ დასავლურ ძალას არ ჰქონია. თუ ვინმეს რამე გავლენა ჰქონდა, ივანიშვილის სასარგებლოდ იყო, მან ყველა ეს პროცესი მოიგო“.
„ისევ ამბობს, რომ აშენებს ევროპულ სახელმწიფოს. დაანგრია საგარეო ურთიერთობები, მაგრამ ლოზუნგებში მაინც ღირსეულად მიდის ევროპაში. იმ ევროპაში გამარჯობას აღარავინ ეუბნება. გაგვაგებინოს, აგვიხსნას – როგორ ხდება ასეთი სიარული“.
ივანიშვილის ფინანსები
„დღეს ივანიშვილი ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით, ვაჭრობს თავისი ფულის დაბრუნებისთვისაც და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მას ამ შემთხვევაში არ ადარდებს. ქვეყნის ინტერესი პირად ინტერესზე მაღლა არასდროს დაუყენებია. პოლიტიკაშიც პირადი პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა. როგორც ამბობს, იმდროინდელი ხელისუფლება მაშინ უკვე ემტერებოდა და არ ენდობოდა. ივანიშვილი ხალხის სიყვარულით არ მოსულა პოლიტიკაში, ეს არის ტყუილი“.
„წელს შემოღებული ოფშორების კანონი შემოიტანა რუსული კანონის გარშემო აურზაურის დროს – გააძვრინა, „под шумок“ (ხმაურისას). რეალურად რისთვის? 2022 წელს, როგორც თავადვე თქვა, ნახატების კოლექციას არ ატანდნენ. გამოატანეს. შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. არ უნდოდა დღგ-ს, ქონების და მოგების გადასახადების გადახდა. ამ კანონით კი აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ანუ, მომავალში რომ გაყიდის მოგებით, გადასახადი არ ექნება. შესაბამისად, 5-10 წელიწადში რომ გაყიდოს ეს კოლექცია 2 მილიარდ დოლარად, [მოგების გადასახადის] ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე, განბაჟების და დღგ-ს საფასური, ერთ მილიარდზე უწევს დაახლოებით 180 მილიონი დოლარი – ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ქონების გადასახადი, 1% – წელიწადში 10 მლნ დოლარი, პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ანუ, ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ივანიშვილი და რუსეთი
„ივანიშვილმა ბანკ „როსიისკი კრედიტიდან“ აიღო დეპოზიტარების ფული, ამ თანხით შეიძინა დიდძალი აქტივები, რომელმაც გახადა მილიარდერი, შემდეგ 1998-ის დეფოლტის დროს უთხრა [დეპოზიტარებს], ვერ გიბრუნებთ ამ ფულსო, 20 წელიწადში დაგიბრუნებთო, აქტივები კი თავისთვის დაიტოვა. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს არის კრიმინალი“.
„[კითხვა – ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ რუსეთიდან წამოვიდა და იქ აღარანაირი ინტერესი არ გააჩნია, გვატყუებდა?] / [პასუხი]: ასე გამოდის. [..] გამოვიდეს და ისიც თქვას, რომ ურეკავენ, ბორია-ბორინკაო, იქიდან რა მოთხოვნებია, რას ებრძვის. გამოდის, მხარე არჩეული აქვს, ეს ხომ ცალსახაა. ის მხარე არჩეული აქვს, რომელიც არის მისი ბუნებრივი მოკავშირე. არც ერთი დასავლური ძალა არ დაუშვებს იმ ტიპის მმართველობას, რომელიც სურს ივანიშვილს“.