გავიხსენებ ქართულ ანდაზას, რომ „მელიამ თავის კუდი მოიყვანა მოწმედ“. ზუსტად ზედგამოჭრილია, აქ, ამ შემთხვევაში, არც დავამატებ, არც მოვაკლებ, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
აღნიშნულით მან ისაუბრა საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ბრალდების მხარიდან მოწმეთა სიაშია შეყვანილი.
გარდა ამისა, ბაჩიაშვილმა განმარტება გააკეთა პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე. დასკვნა ეხებოდა ბიძინა ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერს.
ბაჩიაშვილის თქმით, ჩანაწერის მიხედვით, ის და ბიძინა ივანიშვილი საუბრობენ სასესხო ურთიერთობაზე. მისივე განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზა ჩანაწერზე ამბობს, რომ ის მონტაჟია, სინამდვილეში კი, მონტაჟზე საუბარია ზედმეტია.
„დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უბრალოდ, სასაცილოა ეს დოკუმენტი, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ჩანაწერი მონტაჟს იყო დაქვემდებარებული და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიო-ჩანაწერს და მგონი, არანაირი ექსპერტი არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ არიან მოსაუბრეები.
რაც შეეხება ამ ჩანაწერის რეალური, კვალიფიციური ბიუროს მიერ შეფასებას, ჩვენ ეს ჩანაწერი გადავგზავნეთ გერმანიაში, ჩამოსული იყო გერმანელი სპეციალისტი, რომელიც იკვლევს ამ ჩანაწერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება პასუხი უკვე რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა, ივანიშვილის კანტორისგან. ჩანაწერის შინაარსი არის ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10 წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადი არის, რომ საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს, რომ დახმარება გამიწიოს „ქართუ“ ბანკში სესხის მიღებაში. აქ, არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას და მათ ჩვენებებს, თუმცა შემდგომ უკვე ივანიშვილმა მისცა მეორე ჩვენება, რაც შეიტყო და გაეცნო ამ ჩანაწერს, სადაც აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი,პრინციპში, სწორია და ასე ვისაუბრეთო, შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს, რომ ჩანაწერში ასახული არის პრეისტორია. ანუ ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოველაპარაკეო, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო და მერე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა, რომ მე გავმხდარიყავი ინვესტორი და ამის შემდეგ, მე გავხდი ინვესტორიო. ანუ პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს და საპირისპირო გამოდის”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
რაც შეეხება ჩანაწერთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩანაწერი არ არის გაყალბებული, ბაჩიაშვილის თქმით, ამ დასკვნაში ეჭვს ძალიან მალე მთელი საზოგადოება შეიტანს, რადგან ჩანაწერში ცხადია, თუ ვინ არიან მოსაუბრე მხარეები.
„იქ ცხადია, ვინ არიან მოსაუბრე მხარეები და არ არის საჭირო იყო ექსპერტი იმისთვის, რომ მოისმინო და გაიგო, რომ იქ არანაირ მონტაჟზე საუბარი საერთოდ არ არის, ჩვეულებრივი სატელეფონო საუბარია ჩემსა და ივანიშვილს, შორის, რომელიც ძალიან კარგი ხარისხისაა და ყველაფერი გასაგებია”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
