გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას, ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს
გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია.
„ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სუს-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გამოძიება გრძელდება და ვინმეს თუ ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა. მთავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს. გარდა ამის, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარია, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ დაკავებისას მის მიმართ იძალადეს, შელახულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, როდესაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლოს მიერ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც საზღვარი გაიარა.
Next: ფაქტია, მელიას გირაოს გადახდა უნდოდა ძალიან, გამოკითხვებიც კი ჩაატარა, მაგრამ როგორც ჩანს ამისი უფლებაც არ მისცეს
