მე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო დავებში ვიყავი ჩართული. თავად მან მითხრა, რომ „კრედიტ სუისი“ აშანტაჟებდა. მან მთხოვა განცხადების გაკეთება, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას პროკურორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, პროკურორმა გიორგი ბაჩიაშვილს ჰკითხა, თუ რატომ მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილმა მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთება. ბაჩიაშვილის თქმით, მას სურდა, რომ ეს „კრედიტ სუისთან” დავასთან დაეკავშირებინა.
„მე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო დავებში ვიყავი ჩართული. თავად მან მითხრა, რომ „კრედიტ სუისი” აშანტაჟებდა. მან მთხოვა განცხადების გაკეთება, რადგან მე შემეძლო ამის გაკეთება.
ტელეფონზე ყველა ზარს ვიწერდი და ეს ინფორმაცია იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, ეს იყო ჩემი და მისი დაცვისთვის, მაგრამ მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ჩანაწერებით მომიწევდა თავის დაცვა“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ასევე, პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის სამოქალაქო პოზიციითაც დაინტერესდა, კერძოდ, მისი აქციებზე სიარულით, რაზეც მსჯავრდებულმა უპასუხა, რომ ის მუდმივად აფიქსირებდა პოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, წინა ხელისუფლების დროსაც და აქციებზეც მუდმივად დავდიოდი“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
