გიორგი ბაჩიაშვილი ახალ ბრალდებაზე – ეს კიდევ ერთი ფაბრიკაციაა, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა – ნადირობდნენ ჩემ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე რომ დაედგინათ, ივანიშვილს რამდენის გამოძალვის შესაძლებლობა ექნებოდა

ეს არის კიდევ ერთი ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში გამოკითხვისას დააანონსა, – ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მისთვის კიდევ ერთი ახალი ბრალის წარდგენას, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეზე წაუყენეს.
ბაჩიაშვილის თქმით, ყველა ხარჯი ობიექტური იყო და ის რამდენიმე ტექნიკური ექსპერტის, ინჟინრის მიერ იყო შემოწმებული.
ბრალდებულის განმარტებით, საქმეში მისი მხრიდან არანაირი გულგრილობა არ ვლინდება.
“ჯერჯერობით ბრალში არ წერია რა რისკებზე და რომელ გულგრილობაზეა საუბარი, წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ თანაინვესტირების ფონდის გუნდი იყო პროფესიონალური და ყველა ზედმიწევნით ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობას, მათ შორის მეც. ფონდში ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა საკომიტეტო წესით და მასში მონაწილეობდნენ, როგორც მმართველი დირექტორები, ასევე, რისკის სხვა ოფიცრები. ამ შემთხვევაში ეს არის კიდევ ერთი ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა სასამართლოში გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, მე პასუხს გავცემ ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც დაამატეს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მან “მტკვარი ჰესის” პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვირაბიანი, კაშხლიანი ჰესები ერთ-ერთი ურთულესი ინჟინრული ნაგებობაა, რომელშიც მიწისქვეშა ელემენტებია, რისი განჭვრეტაც წინასწარ შეუძლებელია.
ბაჩიაშვილის თქმითვე, გვირაბში მიწის მთხრელი ტექნიკის გაჭედვამ პროექტის 18 თვით გადაწევა გამოიწვია.
„მტკვარ ჰესის“ პროექტში იყო ჩართული რამდენიმე საერთაშორისო ტექნიკური ინჟინერი, რომელიც მთლიან საინჟინრო ნაწილს ხელმძღვანელობდა, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციებს, ტენდერების ჩატარებას და სამშენებლო ზედამხედველობას. ასე რომ, პროექტი ყოველთვის იყო აუდირებული დიდი ოთხეულის მიხედვით და “ ბანკმა” და “საქართველოს ბანკმა” ცალკე ტექნიკური ინჟინრები დაიქირავეს, რომლებმაც ცალკე ჩაატარეს პროექტის რევიზია. ზოგადად, გვირაბიანი და კაშხლიანი ჰესები არის ერთ-ერთი ურთულესი ინჟინრული ნაგებობა, რომლებშიც არის მიწისქვეშა ელემენტები, რომელთა განჭვრეტა შეუძლებელია. მსოფლიო ბანკის კვლევა ჩატარდა, რომელმაც გამოიკვლია კაშხლიანი ჰესები და დაადგინა, რომ საშუალო გადახარჯვა არის 67% – ეს კოვიდის პირობების გარეშე. კოვიდის დროს მოხდა ფასების ინფლაცია, ასევე ვერ ხერხდებოდა ჯეროვნად პროექტის შესრულება, რამაც პროექტი გაწელა. ამის გამო პროექტის ხარჯის ზრდა მიჰყვა ქონების გადასახადს, საბანკო სესხის მომსახურებას, საინჟინრო ხარჯებს. წელიწადში 12 მილიონი დოლარი არის მხოლოდ იმის გადასახადი, რომ პროექტი გაჩერებული რომც იყოს, მაინც ხარჯად ეკისრება ჰესს, როგორც სესხის, ქონების, საინჟინრო კომპანიის მომსახურების გადასახადი და სამობილიზაციო ხარჯები. მოხდა გვირაბში სათხრელი მანქანის გაჭედვა, რომლის გამოყვანასაც 18 თვე დასჭირდა. ამ შეფერხებამ გამოიწვია პროექტის 18 თვით გადაწევა, რადგან პროექტში სხვადასხვა სამუშაოები ერთმანეთზეა მიბმული თუ გვირაბი ჩერდება, ეს ნიშნავს რომ არის კრიტიკული გზა. ამის დასრულების გარეშე სხვა სამუშაოები ვერ იწყებოდა, შესაბამისად, ყველა გადახარჯვა იყო ობიექტური, იყო შემოწმებული რამდენიმე ტექნიკური ექსპერტის და ინჟინრის მიერ და ვერანაირი გულგრილობა ვერ გამოისახებოდა”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, პროექტი თითქმის დასრულებულია და ის ბიძინა ივანიშვილს წელიწადში 15 მლნ დოლარის მოგებას მოუტანს.
„ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი წარმატებით თითქმის უკვე დასრულდა, სატესტო რეჟიმში მუშაობს და პროექტი პირადად ივანიშვილს წელიწადში 15 მლნ დოლარის მოგებას მოუტანს. ძალიან კარგი იქნებოდა, ეს პროექტი დასრულებულიყო 2 წლით ადრე და ივანიშვილს 30 მლნ დოლარით მეტი ექნებოდა. ალბათ, მის ასეთ ღელვას არ გამოიწვევდა. აქვე დავძენ, ყველა ის დანარჩენი პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარების ფონდს შეეხება, ივანიშვილის პირად პროექტებში – „პანორამა თბილისი“, შეკვეთილის სასტუმრო, ამ პროექტებში 680 მლნ დოლარზე მეტია დახარჯული და მათი ჯამური შემოსავალი – მოგება წლის მანძილზე 2-3 მლნ დოლარი იქნება, როცა „მტკვარი ჰესზე“ 250 მლნ დოლარი დაიხარჯა და მისი მოგება 15 მლნ დოლარი იქნება წელიწადში, ანუ თანაინვესტირების ფონდის ყველაზე ცუდი პროექტი რომ ავიღოთ, ჯეროვნად აღემატება მომგებიანობაში ივანიშვილის პირად პროექტებს. პროექტი მაინც წარმატებული იყო, მაინც დასრულდა ობიექტური ხარვეზების და სირთულეების მიუხედავად და ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც ივანიშვილმა თვითონ განახორციელა. რაც შეეხება შვეიცარიულ ბანკს, თავიდანვე განვაცხადე, რომ პროკურატურის ერთ-ერთი დავალება ჩემი გამოკითხვებიდანაც იგრძნობოდა, რომ იყო, რაც შეიძლება დეტალურად გამოეკვლიათ ჩემი ქონებები, პირდაპირ ნადირობდნენ ჩემს ქონებებზე, ჩემს საბანკო ანგარიშებზე, რომ დაედგინათ, ივანიშვილს რამდენის გამოძალვის შესაძლებლობა ექნებოდა. როცა მათ შვეიცარიაში გააგზავნეს ინფორმაციის გამოთხოვაზე მოთხოვნა, ისე ცუდად იყო დასაბუთებული, პირდაპირ იკვეთებოდა ივანიშვილის ინტერესი და არანაირი საბუთი არ არსებობდა. შვეიცარია და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, მოიქცა სწორად და ჩემი მონაცემები არ გაასაჯაროვა”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ “მტკვარი ჰესის” მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.