ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი გენერალური დირექტორის პოზიციას 2019 წლის 1-ელ მაისამდე იკავებდა. აბსოლუტურად ყველა ქმედებას განგრძობადად ჰქონდა ადგილი და ეს დოკუმენტურად დასტურდება, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სადრაძემ აღნიშნა, საქმე „ხანდაზმული“ არ არის, ვინაიდან, ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი 2019 წლამდე იყო.
„რაც შეეხება ხანდაზმულობას, ცოტა ღიმილისმომგვრელია და ძალიან უხერხულია ჩემი მხრიდან ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სამართლებრივი არგუმენტების გაჟღერება, რადგან მოცემულობა ძალიან მარტივია. ბრალდებული გენერალური დირექტორის პოზიციას 2019 წლის 1 მაისამდე იკავებდა. აბსოლუტურად ყველა ქმედებას განგრძობადად ჰქონდა ადგილი და ეს დოკუმენტურად დასტურდება. მათ შორის, 2014, 2015, 1016 წლებში – ეს საფრთხეები, ეს რისკები, რაზეც საუბარია, მათ შორის, ნათლად არის ბრალის დადგენილებაში მითითებული, ასევე მითითებულია, რომ დროის სრულ პერიოდში იყო. აქედან გამომდინარე, ელემენტარული მათემატიკაა, რომელზეც საუბარი მეუხერხულება.
დაზარალებული არის ნამდვილად [ბიძინა ივანიშვილი], რადგან ინვესტორს წარმოადგენდა, რაც შეეხება ბრალდებულს, ის ახდენდა ინვესტიციების, პროექტების მართვას. სწორედ, ერთ-ერთი პროექტი იყო „მტკვარი ჰესი“, რომელიც თავდაპირველად მომგებიანი იყო. დღეის მდგომარეობითაც ექსპლუატაციაში შესული არ არის. ეს იმდენად მარტივი მოცემულობაა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი ხელისგულზე დევს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს სამართლებრივად, პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულთან – წესდებებით, დოკუმენტებით. სწორედ, ამიტომაც, ამ მიმართულებით მათ არანაირი პოზიცია არ გაუჟღერებიათ“, – განაცხადა სადრაძემ.
კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა პროკურატურა ბაჩიაშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა მათ შორის, კოვიდპანდემიის დროს ფასების ინფლაციამ, ასევე იმან, რომ სათხრელი მანქანა 18 თვის განმავლობაში გვირაბში იყო გაჭედილი, მიხეილ სადრაძე პასუხობს, რომ ბაჩიაშვილმა ყველა რისკი დოკუმენტურად იცოდა.
„ძალიან კარგია, რომ ახსენეთ, 18 თვე რომ იყო გაჭედილი. სწორედ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც ბრალდებულმა იცოდა არამხოლოდ, 2019, ან 2018 წელს, იცოდა 2014 წელსაც და შეეხებოდა სწორედ ამ მოწყობილობას, მანქანას, რომელსაც უნდოდა ჰქონოდა კონკრეტული სპეციფიკაციები, რაც მის გაჭედვას გამორიცხავდა. ეს რისკები მან დოკუმენტურად იცოდა… არსებობს მოწმე, რომლის დასახელებისგანაც თავს შევიკავებ, მას მაღალი პოზიცია ეკავა, განათლებაც საინჟინრო ჰქონდა, მას დოკუმენტები ბრალდებულმა საერთოდ არ მისცა, არ ჩააყენა საქმის კურსში იმ რეპორტებთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა სადრაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
