გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელიც კრიპტოვალუტის მითვისებას შეეხება, განაჩენი დღეს გამოცხადდება

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, განაჩენი დღეს გამოცხადდება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ძებნაში მყოფ ბრალდებულ ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება არ მისცა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი “მტკვარი ჰესის” საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა