გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი არ ესწრებოდნენ. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.
ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს.
პროკურატურის ცნობით, “გიორგი ბაჩიაშვილმა თავის დანაშაულებრივ ქმედებებში საკუთარი მშობლებიც ჩართო”. “შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით”, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.