გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე არის დანიშნული.
გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან. მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით. ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.