გიორგი ბაჩიაშვილის დედა: კალაძის განცხადება ის პირველი სიმართლის ფანჯარა იყო, რომელიც “ოცნების“ შიგნით შეიღო

კალაძის განცხადება ის პირველი ფანჯარა იყო, რომელიც “ოცნების“ შიგნით შეიღო,- ასე აფასებს გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი თბილისი მერის განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით და ამბობს, რომ “ვერ მიხვდა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი ეს განცხადება“.

მარინა რამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ “შესაძლოა, მისი შვილი პირველი მერცხალი იყოს ამ სადამსჯელო ოპერაციების რიგში, მაგრამ მას სხვები მიყვებიან და მიყვნენ კიდევაც“

კალაძის განცხადება ის პირველი ფანჯარა იყო, რომელიც “ოცნების“ შიგნით შეიღო. სიმართლის პირველი ფანჯარა. რა მიზანს ემსახურებოდა მისი ეს განცხადება არ ვიცი, ადამიანი თეთრი ბოტასებით და თეთრი მაიკით სადღაც ღამე, გამშვებ პუნქტთან უგონო მდგომარეობაში იყო და უაზროდ დაბორიალობდა, ეს წარმოუდგენელია. აეროპორტში და სასაზღვრო ზოლში უამრავი კამერაა, ერთი ჩანაწერიც მაინც ეჩვენებინათ, რომ თავიანთი სიმართლე ეჩვენებინათ. ის რომ ოხანაშვილის თანხლებით, სამთავრობო ბორტით ჩამოიყვანეს, ესეც ფაქტია. მე მჯერა ჩემი შვილის. ისიც საინტერესოა, ოხანაშვილი როგორ აღმოჩნდა ამ ბორტზე. დარწმუნებული ვარ, ისეთი სულელი არ არის, ეს ჩაედინა, თუ არა ბრძანება ზევიდან, რათა ანრი გამოჭერილი ჰყოლოდათ და შემდეგი სასანქციო სიისთვის გაემზადებინათ. ჩემი შვილი შეიძლება პირველი მერცხალი იყოს ამ სადამსჯელო ოპერაციების რიგში, მაგრამ მას სხვები მიყვებიან და მიყვნენ კიდევაც,- განაცხადა რამაზაშვილმა.